ვაისი: “თუ მხოლოდ დაცვაში ვითამაშებთ, წარმატების შანსი მცირე იქნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ავსტრიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
“საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ამიტომ ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მთავარია, რომ ხვალ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება მივაქციოთ. მხოლოდ დაცვაში თუ ვითამაშებთ, წარმატების შანსი მცირე იქნება.
ოქრიაშვილი ორი დღის წინ შემოგვიერთდა. როგორც იცით, მისი “მარსელში” ტრანსფერი ჩაიშალა. დიდი იმედი მაქვს, ხვალ ის თამაშს შეძლებს.
პაპუნაშვილის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ამიტომ ის ახალგაზრდულ ნაკრებში გავუშვით. მას დიდი მომავალი აქვს.
ვფიქრობ, ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმართლა. ჩემი აზრით, ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, თუმცა ჩვენ არ გვეშინია.
თუ იმას შევხედავთ, თუ როგორ კლუბებში თამაშობენ სერბეთის ნაკრების ფეხბურთელები, ისინი ფავორიტები არიან. თუმცა, ჩვენს ჯგუფში ძლიერი გუნდები მოხვდნენ. ვფიქრობ, ამ ციკლში სურპრიზები აუცილებლად იქნება. მიმაჩნია, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ გვყავს.
კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ჩვენთვის დიდ დანაკლისს წარმოადგეს, ეს იგივეა, ავსტრია არნაუტოვიჩისა და ალბას გარეშე რომ იყოს. კაშია ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით.
ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებისათვის ყოველი დადებითი შედეგი წარმატებაა. ტრავმა ფებურთისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ესპანეთთან მატჩის წინაც ბევრი პრობლემა გვქონდა. ზოგადად, რთულია, რომ ნაკრები შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებოდეს. ვფიქრობ, პრობლემები სხვა ნაკრებებსაც აქვთ და შესაძლოა, ხვალ ვერც ავსტრიამ ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით.”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 5 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.