WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (232622) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვახტანგ კვარაცხელია ძველ სიმაღლეებს უმიზნებს

თარიღი: იანვარი 25, 2015

მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ტორპედოში“ ქუთაისის სპორტსკოლის აღზრდილი ვახტანგ კვარაცხელიაც დაბრუნდა. ფორვარდმა თავისი დიდი საფეხბურთო ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. 16 წელი რომ შეუსრულდა, მალევე უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი. 2008-2010 წლებში თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ გამოსვლისას ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასიც მოიგო. ამის პარალელურად საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიც იყო. პირადი და გუნდური მიღწევებით ყველას ყურადღება მიიპყრო. 2010 წლის 31 აგვისტოს, მშობლიური ქალაქის კლუბში, სადაც დღემდე 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, პირველად მას შემდეგ ჩაირიცხა, რაც „ტორპედოს“ ყოფილმა მფლობელმა, „ვისოლმა“ იგი 100 ათას დოლარად იყიდა. ამის შემდეგ ტრავმებმა იჩინა თავი და, სამწუხაროდ, მან საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება აქ, ქუთაისში ჯერჯერობით ვერ მოახერხა, თუმცა იმისთვის დაბრუნდა, რომ მეორე შანსი გამოიყენოს.

“კვარას” პირად ცხოვრებაშიც სიახლეა, 4 თვის წინ იგი პატარა ალექსანდრას მამა გახდა.

26 წლის ფეხბურთელმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

„თავდაპირველად, ქუთაისის „კოლხიდაში“ ვვარჯიშობდი, მწვრთნელ გია ხარაბაძესთან. 13 წლის ვიყავი, როცა სტუმრად თბილისური სპორტსკოლა „დერბთან“ გვქონდა თამაში, სადაც ლევან გვანცელაძემ შემამჩნია. ასე მოვხვდი თბილისის „თბილისში“. 15 წლის ასაკში უკვე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ვთამაშობდი, პერიოდულად კი , უმაღლეს ლიგაშიც მიმატებდნენ“.

 – უმაღლეს ლიგაში შენი დებიუტი 10 წლის წინ შედგა, თანაც თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. რა განცდები გქონდა მაშინ მოედანზე ყოფნის დროს?

– ბავშვი ვიყავი და, რასაკვირველია, ძალიან ვნერვიულობდი. შეიძლება, ფსიქოლოგიურად ბოლომდე მზად არ ვყოფილვარ, მაგრამ ლამის თავს ვიკლავდი, რომ არ შევრცხვენილიყავი. „დინამოს“ ფაქტორი ამ ყველაფერს აორმაგებდა. მით უმეტეს, რომ მაშინ უმაღლესში კი არა პირველი ლიგაშიც საკმაოდ კარგი დონე იყო.

 – ყველაზე მეტად თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ გამოჩნდი, რომელთან ერთადაც ერთმანეთის მიყოლებით სამივე ქართული ტიტული მოიპოვე. ალბათ, საუკეთესო პერიოდი იყო შენთვის გასული წლებიდან…

– დიახ, ასეა. მე მაშინ 20-21 წლის ვიყავი. ჩემი აზრით, იმდროინდელი „ვიტ ჯორჯია“ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. იცით, რომ ადამაძეც და კლიმიაშვილიც მაშინ ამ კლუბში იყვნენ. ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ ტიტულების მოგება.  მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მაშინ „ვიტ ჯორჯიამ“ ერთადერთი თამაში წააგო და გაჭირვებით გავხდით ჩემპიონები. ახლა უკვე გუნდების დონე ძალიან გათანაბარდა.

 – „ვიტ ჯორჯიადან“ „ტორპედომ“ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გადმოგიყვანა, თუმცა ტრავმების ეპიდემია აქედან დაგეწყო…

– აქ მართლაც ძალიან არ გამიმართლა. გადმოსვლიდან მესამე თამაშში, რომელიც ზესტაფონში გვქონდა, საზარდულის კუნთის ტრავმა მივიღე. ამის გამო 3 თვე დავისვენე. დრო აღარ ითმენდა და ცოტა ხანი მოურჩენელი ფეხითაც ვითამაშე. ამდენივე ხანი გამიცდა ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც ბეთაჰ თიკვას „ჰაპოელში“ ჩემი ჩარიცხვა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ… კვირას უნდა მომეწერა კონტრაქტზე ხელი და შაბათს, რატომღაც მწვრთნელმა ვარჯიში დანიშნა, არადა ამ დღეს ისვენებენ ყოველთვის, იმ ვარჯიშზე ნეკა თითის ძვალი მოვიტეხე და იქიდან თაბაშირით წამოვედი. შემდეგ, „ტორპედოსთან“ ერთად უცხოურ შეკრებაზე უნდა წავსულიყავი და ორი დღით ადრე მყესები გამიწყდა. 8 თვე მომიწია დასვენება. ასე რომ, „ტორპედოში“ ისეთი ტრავმები მივიღე, რომლებმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე.

 – „ტორპედოში“ თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ მოგეცა, კმაყოფილი ხარ აქ არსებული ვითარებით?

– წარსულში რაც იყო, იყო. ძალიან მინდა, რომ ეს შანსი გამოვიყენო. დღეისთვის ძლიერი კონტიგენტია შეკრებილი, ახლა მთავარია, შეთამაშება და მგონი, „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება საქართველოში. მე-3 ადგილისა და თასის მოპოვებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ბევრისგან გამიგია, რომ დარასელია მუშა ფეხბურთელი იყო, გაააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა და ალბათ, ასეთივე სტილის გუნდს ჩამოაყალიბებს – მებრძოლს და ტექნიკურად გამართულს. დანარჩენი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეასრულებს კონკრეტულ დავალებებს.

ახლა მინდა, რომ იმ სიმაღლეებს დავუბრუნდე, როგორიც გულშემატკივრებს დააკმაყოფილებს.

– მაგ მიზნისთვის რას გააკეთებ?

– ვარჯიშიდან დაწყებული თამაშით დამთავრებული მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ რამდენ ხანსაც ვიქნები აქ, ნაყოფიერი იყოს ჩემი გარჯა. ადრე, თამაშზე გოლი რომ გამქონდა, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ფაქტი იყო და ახლა უფრო მეტად ვარ შემართული. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ფიზიკური სიძნელეების გადალახვა არ გამიჭირდება, ტაქტიკურად კი, გუნდთან ერთად უნდა შევთამაშდე.

 – კიდევ ხომ არაფერს დაამატებდი?

– მჯერა, გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის, „ტორპედოს“ გვერდით იქნება, ჩვენც სრული შემადგენლობით ვეცდებით, რომ წელს ევროასპარეზზე ვითამაშოთ და საზოგადოდ, ქუთაისში ფეხბურთი წინ წავიყვანოთ.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.



მსგავსი სიახლეები