ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში ბოლო რამდენიმე დღეა ძირითადად წვიმს. ხორვატიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, 17 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ქალაქ მედულინში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიში ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.
ხორვატიასთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ვაკო გვილიამ ისაუბრა.
ვაკო გვილია: “ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიო ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.
შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეიოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს გამართავს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.