ვაკო გვილიას “ლუცერნში” მწვრთნელთან პრობლემები აქვს
შვეიცარიული “ლუცერნის” ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი დატოვოს.
როგორც შვეიცარიული გამოცემები აღნიშნავენ, გვილია რენე ვეილერის “ლუცერნში” რეზერვისტის როლს ასრულებს. გასულ წელს ვაკო სპორტულმა დირექტორმა, რემო მეიერმა მიიყვანა გუნდში და შვეიცარიაში ჩვენებურის გადასვლა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად მოინათლა, თუმცა ვეილერი ქართველს არ ენდობა.
“ძირითადად, მე მინდა დინამიური და მიზანმიმართული ფეხბურთის თამაში. გვილიას განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს, ურჩევნია ბურთი ფეხთან ახლოს ჰქონდეს, პასი თანაგუნდელებს მისცეს, მაგრამ მე უფრო ის მოთამაშეები მომწონს, რომლებიც მოედანს ბურთით და ბურთის გარეშეც კარგად ფარავენ. მსურს ლამაზი და სასიამოვნო ფეხბურთი ვათამაშო გუნდს, ვაკოს აქვს ეს თვისებები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ბურთი ფეხთან აქვს. თუ პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ აჩვენებს თავის შესაძლებლობებს შეტევაში და დაცვაში ერთდროულად, მაშინ მას პრობლემები შეექმნება. მსგავის სახის მოთამაშეები მომავალში აღარ იარსებებენ”, – განაცხადა ვეილერმა.
გვილიამ “ლუცერნში” ზაფხულში ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე მიიყვანა და შესაძლოა, ზამთარში თვითონ მოუწიოს კლუბის დატოვება. ყველაფერი ჯერჯერობით ამისკენ მიდის.