ვაკო ყაზაიშვილი – ყველაზე ჭკვიანი ქართველი “ბიზნესმენი” ფეხბურთელი
28 წლის ვაკო ყაზაიშვილი იმ ოქროს თაობას ეკუთვნის, რომლის ბევრ წარმომადგენელს დღეს უკვე კარიერა დასრულებული აქვს (ჭანტურია, ყენია, ანანიძე) ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერი შეძლო (მჭედლიძე).
ყაზაიშვილი გასულ სეზონში სამხრეთ კორეის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად ითვლება.
ვაკო ევროპაში 2011 წელს მოხვდა და 2017 წლამდე “ვიტესში” ირიცხებოდა. მაშინ, როცა “ვიტესში” თამაში არ უწევდა, პოლონურ “ლეგიაში” წავიდა, გახდა ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე “რეალს” ეთამაშა.
2017 წელს, სხვადასხვა ევროპული კლუბისგან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა ამერიკულ “სან ხოსე” აირჩია, სადაც ხელფასის სახით ბონუსების გარეშე 1.7 მილიონი დოლარი ჰქონდა. ნაკრებში ვლადიმერ ვაისი ვაკოს სისტემატიურად იწვევდა.
ყაზაიშვილი “სან ხოსეს” ლიდერად ჩამოყალიბდა და 1 წელში მეგობარი გურამ კაშიაც ამერიკაში მისი რეკომენდაციით მოხვდა. ყაზაიშვილს ამერიკაში ჰქონდა დაფასება, ლიდერის როლი გუნდში, მაღალი ხელფასი და ნაკრებში გამოძახება.
2020 წელს ფეხბურთელმა “სან ხოსე” დატოვა და იმის ნაცვლად, რომ ევროპაში წამოსულიყო, სამხრეთ კორეაში გადაბარგდა. მან “ულსან ჰიუნდაისგან” საგრძნობლად უკეთესი ანაზღაურების კონტრაქტი მიიღო, K1 ლიგაში ბურთს ძალიან მაგრად აგორებს, მშვენიერი ხელფასი აქვს, დასახელდა საუკეთესო ნახევარმცველად და სანიოლიც ნაკრებში იძახებს.
ჩვენი ინფორმაციით, ვაკოს თვეში ბონუსებისა და პრემიების გარეშე – 60 000 დოლარს უხდიან.
ევროპის რომელიღაც საშუალო კლუბში თამაშს, სადაც 10-ჯერ ნაკლები ანაზღაურება და არასტაბილური გარემოა, გაცილებით სჯობს ამერიკა ან სამხრეთ კორეა.
ვაკომ არამარტო მისი პირადი ცხოვრებისთვის, არამედ კარიერულადაც ბევრჯერ სწორი არჩევანი გააკეთა, რაც ქართველი მოთამაშისგან არც თუ ისე მოსალოდნელია. მას სათამაშო პრაქტიკა 2017 წლიდან მოყოლებული არ აკლია.
ასე რომ, ვაკო ყაზაიშვილი კარგი ბიზნესმენი ფეხბურთელია, რომელსაც ინვესტიციების ჩადება სწორ დროს, სწორ ადგილას გამოსდის.