“ვალენსია” სანდრო რამირესის ტრანსფერზე მუშაობს
უცხოურ მედიაში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სანდრო რამირესის “ევერტონიდან” “ვალენსიაში” შესაძლო გადასვლის შესახებ, რაც საკითხის ღრმად განხილვის შემდეგაც საკმაოდ რეალური ჩანს.
როგორც ცნობილი ხდება, “მესტალიას” ბინადრები სანდრო რამირესის არენდის წესით აყვანას გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, სანდრო 2017/18 წლების სეზონის მეორე ნახევარს ესპანეთში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი “ევერტონში” გასულ ზაფხულს, 5.2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა “მალაგადან”. მიმდინარე სეზონში კი მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ფეხბურთელმა ამ პერიოდში თავი ვერაფრით გამოიჩინა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატში ნათამაშები 6 მატჩის მანძილზე სანდრომ მოედანზე სულ რაღაც 39 წუთი გაატარა.