ვალვერდე: “დემბელეს თამაშით გახარებული ვარ”
ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” ანდალუსიის “სევილია” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა. გამარჯვების გოლი გაიტანა უსმან დემბელემ, რომელმაც გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.
“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ფრანგ ახალგაზრდაზე ისაუბრა.
“არ ვიცი, თუ მას კარგი თამაშისთვის ისეთი შეხვედრები სჭირდება, როგორიც დღეს იყო. ეს პირადად უნდა ჰკითხოთ. ის ჩვენთან ერთადაა და მის მიმართ დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. უსმანი დღევანდელი გამარჯვების მონაწილე იყო. მან გოლიც გაიტანა. ამით ძალიან გახარებული ვარ.
ზოგადად, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა და დავამარცხეთ. ვიცოდით, რომ ამ მატჩის გარემოებები განსხვავებული იქნებოდა. რთული თამაში გამოვიდა. თავიდან ვაგებდით, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა და წინ გასვლა შევძელით. ზოგი ფეხბურთელი, არდადეგების შემდეგ, პირდაპირ ამ თამაშისთვის დაბრუნდა და ამანაც თავისი გავლენა იქონია,” – ამბობს ვალვერდე.