ვან გაალი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო „ბლაუგრანასს“ დატოვებს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კი დროს არ კარგავს და ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
ცნობილი ბრიტანული გამოცემის „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ ერთ-ერთ შესაძლო თავკაცად ლუი ვან გაალი მოიაზრება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებლის პოსტს დატოვებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ვან გაალთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი ასევე „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებს აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ „ბლაუგრანასი“ ჰოლანდიელი სპეციალისტის გადაბირებას ვერ შეძლებს, გუნდს სათავეში, შესაძლოა, მიკაელ ლაუდრუპი ან ფრანკ დე ბური ჩაუდგეს. ორივე ეს სპეციალისტი თავის დროზე კატალონიური გრანდის ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალი 1997 წლიდან 2000 წლამდე სწორედ „ბარსელონას“ თავკაცობდა და ამ პერიოდში მან ესპანეთის პრიმერა დივიზონი ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, მისი თავკაცობის პერიოდში „ბარსამ“ უეფა-ს სუპერთასიც მოიგო.
ალექსანდრე მატევოსოვი