ვან გაალი: “სიცხემ “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელი შეუშალა”
Guinness International Champions Cup-ის ეგიდით “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რომას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი შედეგით კმაყოფილი დარჩა, თუმცა თამაშის ხარისხი არ მოიწონა. ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, სიცხემ მის გუნდს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა არცთუ ისე კარგად ვითამაშეთ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ სხვაგვარად გვემოქმედა. ჩემი აზრით, სიცხემ ფეხბურთელებზე იმოქმედა. მოთამაშეები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და ჯერ არ არიან ასეთ პირობებში თამაშს მიჩვეულნი. თამაში 3:0 მიგვყავდა და საჭიროა იყო, რომ უბრალოდ ბურთი შეგვენარჩუნებინა, თუმცა სიცხის გამო ძალიან დაიღალნენ ჩემი ფეხბურთელები”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ამავე ჯგუფში მილანის “ინტერსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიურმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.