ვან გაალმა შვაინშტაიგერი გააკრიტიკა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “სან ხოსესთან” გამართული ამხანაგური მატჩის (3:1) შემდეგ კლუბის ახალწვეული ბასტიან შვაინშტაიგერი გააკრიტიკა. გერმანელი ფეხბურთელი აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისას გამოვიდა, თუმცა ამ 45 წუთში გუნდის თავკაცზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
“შვაინშტაიგერმა ცუდად ითამაშა. ერთადერთი ნათელი წერტილი ანდრეას პერეირა იყო. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ფეხბურთელმა ცუდად ითამაშოს, როდესაც მოსამზადებლად სამი-ექვსი დღე აქვს და მხოლოდ 45 წუთით ათამაშებენ. შვაინშტაიგერმა პირველ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მეორე შეხვედრაში ცუდად მოქმედებდა. ეს გარდაუვალიც კი არის, როდესაც მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გაქვს.
პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. დაცვა ორგანიზებულად მოქმედებდა, ბევრი მომენტი შევქმენით და ორი გოლიც გავიტანეთ. ყოველთვის შეიძლება უკეთესად თამაში, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.
მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ხშირად ვკარგავდით ბურთს და ერთადერთი აღსანიშნავი პერეირას მიერ გატანილი გოლი გახლდათ. ნახევარდაცვაში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც შეხვედრის პირველ ნახევარში”, – ვან გაალის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.
“წითელი ეშამკების” მხრიდან გოლები ხუან მატამ (32′), მემფის დეპაიმ (37′) და ანდრეას პერეირამ (61′) გაიტანეს. ამერიკელთა რიგებიდან პრესტიჟის გოლი ფატაი ალაშმა (42′) გაიტანა.