ვან პერსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამართულ მატჩში (3:0) ინგლისელთა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცის საშუალებით მოუწია.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რამაც შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა. „წითელი ეშმაკების“ თავკაცი დევიდ მოიესი კი ამბობდა, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ვან პერსის მუხლის მყესები აქვს გაჭიმული და ტრავმის მოშუშებას ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება. შესაბამისად, ჰოლანდიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულმა წილისყრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ არგუნა. პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.
ბექა დოგრაშვილი