ვანდა ნარა: “იკარდი და “ინტერი” მშვიდობიან შეთანხმებასთან ახლოს არიან”
მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლემ ვანდა ნარამ, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, აღნიშნა, რომ მხარეები მშვიდობიან შეთანხმებასთან ახლოს არიან.
“შეთანხმებასთან ახლოს ვართ. მაურო მუხლის ტრავმას იშუშებს. ის დასვენების დღეების გარეშე მუშაობს, რათა მალე მომჯობინდეს. იკარდი მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც ამისთვის მზად იქნება.
ჯუზეპე მაროტას (“ინტერის გენერალური დირექტორი) ვესაუბრე და მას ვუთხარი, რომ მაურო იკარდი “ინტერის” მოთამაშედ რჩება. პრობლემა არ არსებობს. ფეხბურთელებს პრესაში იკარდის შესახებ ცუდი არაფერი უთქვამთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი მე და მაუროს ერთ ადამიანად გვაიგივებს, როდესაც ჩვენ სხვადასხვა პიროვნებები ვართ”, – ვანდა ნარას სიტყვებს Football Italia ციტირებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაურო იკარდისა და მილანის “ინტერს” შორის ურთიერთობა გაფუჭებულია. მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან. თებერვალში კლუბმა ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, თავად იკარდი კი გუნდში თამაშზე უარს აცხადებს, თუმცა ამის მიზეზად მუხლის ტრავმას ასახელებს.