ვანდა ნარა: იკარდი კაპიტნის სამკლაურის გარეშე არ ითამაშებს
მილანის “ინტერის” არგენტინელი ვარსკვლავის, მაურო იკარდის, გარშემო არსებული ვითარება უფრო და უფრო იძაბება. როგორც ცნობილი ხდება, “რეალის” სამიზნე მილანურ კლუბთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ნერაძურიმ” არგენტინელ გოლეადორს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. ამის მიზეზად ვანდა ნარას გამო ბროზოვიჩსა და იკარდის შორის ატეხილი ჩხუბი სახელდება.
ამით განაწყენებულმა არგენტინელმა ვენაში, ევროპა ლიგის მატჩისთვის, გაფრენაზე უარი განაცხადა და “სამპდორიასთან” გასამართ შეხვედრასშიც არ მიიღო მონაწილეობა.
ვანდა ნარამ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მისი კლიენტი და მეუღლე მანამ არ ითამაშებს “ინტერის” ღირსების დასაცავად, სანამ კაპიტნის სამკლაურს არ დაუბრუნებენ.
გეტყვით იმასაც, რომ ფანების გარკვეულმა ჯგუფმა შაბათს ვანდა ნარას მანქანას, რომელშიც მისი მცირეწლოვანი შვილი იჯდა, ქვები დაუშინეს.