ვარლამ ლიპარტელიანი: “მინდა, ილიას ვუთხრა, რომ…”
საქართველოს ძიუდოისტთა წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ თქვა, რომ კიდევ ერთ მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას აპირებს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
– ეს თქვენი მე-6 მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე, დაუჯერებელი მიღწევაა. რას გრძნობთ ახლა?
– ცოტათი დამწუხრებული ვარ, რადგან ოქროს მედლის მოპოვება მინდოდა. თუმცა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი ეტაპია. უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს მედალი ჩემთვის ტოკიოში წასვლის წინ კარგი მოტივაციაა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მოპოვებას კიდევ ერთხელ შევეცდები. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვაპირებ. თუ კარგად ვიქნები და ტრავმა არ მექნება, არ გავჩერდები. მინდა, რომ მოვიგო.
– სწორედ ამიტომ ხართ ლეგენდა. მეტოქეებიც კი პატივისცემას გამოხატავენ თქვენს მიმართ. მათ შორის ალეკსანდრ კუკოლიც, რომელმაც ბოლო დეკადის საუკეთესო ძიუდოისტად დაგასახელათ. რა შეგრძნებაა, როცა მეტოქეებისაგან ასეთ პატივისცემას იღებთ?
– ეს კარგი შეგრძნებაა. დიდი ხანია, რაც ძიუდოში ვარ და ვინც ჩემთან ერთად ჭიდაობს, ყველას ვიცნობ. ბევრმა კარიერა დაასრულა და ახლა ისინი მსაჯები არიან. ბევრი მწვრთნელი გახდა, მაგალითად, ილიას ილიადისი. ასევე ჩვენი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო. როცა ახალგაზრდა თაობა მე მიყურებს, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. არ მინდა, რომ გავჩერდე. მინდა გავიმარჯვო არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ ახალი თაობისთვისაც.
– თქვენთან ერთად კვარლცხბეკზე იდგა ახალი თაობის წარმომადგენელი ილია სულამანიძე, რომელსაც შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრობდით…
– ძიუდო მხოლოდ სპორტი არ არის, ეს სპორტზე მეტია. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მასაც უნდოდა ბრინჯაოს მედლის მოგება. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ერთად ძალიან ხშირად ვიმყოფებით და ოჯახივით ვართ. ძალიან მიხარია, რომ მან მედალი მოიპოვა. მინდა, ილიას ვუთხრა, რომ ასე გააგრძელოს და ყველა ტურნირის მოგება შეუძლია. მას ჩემ ტაქტიკურ, ფიზიკურ ცოდნასა და ყველაფერს ვუზიარებ, რადგან ახალი თაობის წარმომადგენელია.
– ლაშა შავდათუაშვილი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელია. გვითხარით ქართული ძიუდოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაზე…
– ის ლეგენდაა, ვულოცავ ყველა ქართველს, ვინც ლაშას ქომაგობდა, მის ოჯახს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონიც აქ გახდა. ის პირველი ძიუდოისტია საქართველოში, რომელმაც ეს სამი ტიტული მოიპოვა. ძალიან გახარებული ვართ ამ ამბით. მგონია, რომ ამ ტრადიციას ბევრი სპორტსმენი გააგრძელებს, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ბევრს აქვს იმის შანსი, რომ ეს მიღწევა გაიმეოროს.
– გვითხარით, რას გეგმავთ დღევანდელი დღიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე და მოიგებთ თუ არა ოლიმპიადას?
– გპირდებით.
– როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
– მენტალურად, ფიზიკურად, ტაქტიკურად – ოლიმპიურ თამაშებზე ყველა კომპონენტი გჭირდება. ყველაფერი უნდა გააკეთო. მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერაფერს გააკეთებ, თუ მენტალურად მზად არ ხარ. ყველაფერს გავაკეთებ ოქროს მედლის მოსაპოვებლად, რადგან კარგი შანსი მაქვს.