ვარლამ ლიპარტელიანის კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ
ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა 100 კგ წონით კატეგორიაში, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალში კორეელ ჩოსთან დამარცხდა.
დაჯილდოვების დასრულების შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურთან კომენტარი გააკეთა, შემდეგ კი უცხოურ მედიასთან ისაუბრა.
“მადლობა გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო, მთელი გულით მგულშემატკივრობდა. კიდევ ერთხელ შევეცადე მათ ბოლომდე გახარებას. სამწუხაროდ, არ მოხერხდა ამჯერადაც. რას ვიზამთ, სპორტია, ყველაფერი ხდება. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და შევეცდები, აუცილებლად გავიხაროთ ყველამ ერთად. რაც უფრო ძნელად მისაღწევია, მით უფრო გვიხარია და გაგვიხარდება ყველას. მე ამის იმედი მაქვს, მჯერა და თქვენთან ერთად აუცილებლად ვიზეიმებ ამ გამარჯვებას. მადლობა კიდევ ერთხელ ყველა გულშემატკივარს”, – უთხრა ლიპარტელიანმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურს.
“არ ვიცი, როგორ გითხრათ, რას ვგრძნობ, რადგან ეს ჩემთვის ცუდი მომენტია. როცა პირველად მარცხდები, ამბობ: “კარგი, მომდევნო ჯერზე მოვიგებ”. თუმცა, ეს არც მეორე შემთხვევაა, უკვე მესამე ფინალში დავმარცხდი და ცუდი შეგრძნებაა. ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია.
მეტოქემ შეხვედრა ტაქტიკურად კარგად წარმართა. ის უფრო კონცენტრირებული იყო. როცა მის ხელებს ვიჭერდი და წინსვლას ვცდილობდი, ის ხელებითა და ფეხებით კარგად მოძრაობას იწყებდა. მეტოქე ჩემზე სწრაფად მოქმედებდა და უფრო მეტად აქტიური იყო. მასთან აქამდე ტურნირზე არასოდეს მიჭიდავია, თუმცა ვიცოდი, როგორი სტილის ძიუდოისტი იყო, რადგან მას შეკრებებეზე ბევრჯერ შევხვედრილვარ. ვიცოდი, როგორ ჭიდაობდა, თუმცა დღეს ის ჩემზე ძლიერი იყო”, – განუცხადა ლიპომ adidas combat sports-ს.