ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)
ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთ კორეელ ჩოს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც მან ფრანგი იდირი ვაზარით დაამარცხა. მესამე რაუნდში ლიპოს მეტოქე აზერბაიჯანელი გასიმოვი იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ გასიმოვს დამატებით დროში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ლიპომ მეოთხედფინალში ეგვიპტელ დარვიშს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ის შებოჭა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში, ლიპარტელიანმა მონღოლი ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ეს მედალი საქართველოს ნაკრებისათვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რიგით მეორეა. ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა.
26 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.