ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელები ტესტ-მატჩებისთვის შეკრიბა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (1995 წელს დაბადებულები), სერბეთთან გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის (9 და 11 ოქტომბერი) უკვე ინტენსიურად ემზადება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ თავისი რჩეული ფეხბურთელები სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრიბა. ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ატარებს.
გუშინ საღამოს, გუნდი საბოლოოდ შეივსო, როცა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები შეკრებაზე შევიდნენ. ნაკრებში გამოძახებულთა სია კი, ასეთია:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ტარიელ ხაინდრავა („დინამო“ თბილისი);
მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, ოთარ კუსიანი (ყველა „ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე („საბურთალო“);
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), გიორგი თევზაძე („საბურთალო“), ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი);
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი)
19-წლამდელები პირველ შეხვედრას სერბ თანატოლებთან 9 ოქტომბერს გამართავენ. მომდევნოს კი, 11 ოქტომბერს.
ორივე შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ჩატარდება და ორივე დღის 3 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელების მსგავსად, 19-წლამდე ნაკრებიც უეფას ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ამ შესარჩევ ტურნირს, ნოემბერში საქართველო უმასპინძლებს.
ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას 19-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ.
სფფ-ის პრესსამსახური