ვენგერი: “მანჩესტერ იუნაიტედი” წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა თამაშობდეს”
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი თვლის, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად არ უნდა ენიჭებოდეს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა და მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც ჩემპიონატში მეექვსე პოზიცია დაიკავა, ევროპის ლიგის მოგების გამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
“ყოველთვის ამ სისტემის წინააღმდეგი ვიყავი. “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპის ლიგას გათამაშების დაწყებისთანავე შეუერთდა და ტურნირი ისე მოიგო, ხოლო მანამდე გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები ხდებოდნენ.
ამ სისტემას ჩემპიონატზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თუ აპრილში გუნდს ევროპის ლიგის მოგების შანსი აქვს, პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩის დათმობა შეუძლია. ევროპის ლიგის მატჩებში ყოველთვის ოპტიმალურ შემადგენლობას დავაყენებ, მაგრამ თუ ფეხბურთელებისთვის დასვენება საჭირო იქნება, მე მათ დავასვენებ”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Evening Standard-ი.