ვენგერის ვარაუდი „მილანი“-„ატლეტიკოს“ მატჩზე
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მილანსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის პირველი მატჩი გაიმართება. აღნიშულ შეხვედრაზე საკუთარი ვარაუდი გამოთქვა ლონდნის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც პარალელურად „ევროსპორტზე“ ექსპერტად მუშაობს.
„ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი და სტაბილური გუნდია. მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან. ისინი სატურნირო ცხრილში „ბარსელონასა“ და „რეალთან“ ერთად არიან. „ატლეტიკოს“ ძლიერი დაცვა ჰყავს, თავდამსხმელი დიეგო კოსტა კი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა. ვფიქრობ, „მილანს“ ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ფავორიტი „ატლეტიკოა“. არ ვამბობ, რომ იტალიელებს ამ ბარიერის დაძლევა არ შეუძლიათ. „მილანი“ მაინც „მილანია“. იტალიელებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგალითად, ახალწვეული ჰონდა. თუმცა, ბოლო წლებში „ატლეტიკო“ მრისხანე ძალად ჩამოყალიბდა“, – განუცხადა ვენგერმა „ევროსპორტს“.
მატჩი „მილანსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა განსჯის.
ბექა დოგრაშვილი