ვენგერმა ახალი სამიზნე “ინტერში” იპოვა
“მეთოფეთა” თავკაცი კვლავ ახალი ფეხბურთელის ძიებაშია.
მოგეხსენებათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა ახალ თავდამსხმელს ეძებდა, თუმცა, ტრანსფერი რეალურად არ განუხორციელებიათ. მოსალოდნელია, რომ ინგლისელები ამ პრობლემის გადაჭრას უახლოეს ზამთარში ეცდებიან.
როგორც ცნობილია, “არსენალმა” ახალი ვარიანტი უკვე მოძებნა. ეს “ინტერის” მოთამაშე მაურო იკარდია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო და ბომბარდირთა დავაში წამყვანი პოზიცია დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ვენგერი იკარდის გადაბირებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა. Transfermarket-ზე 22 წლის არგენტინელი 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა, აშკარაა, რომ მისი რეალური სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით ორჯერ მეტია.
იკარდის მიმდინარე კონტრაქტი “ნერაძურისთან” კიდევ ოთხი წლის განმავლობაში აკავშირებს, რაც ამ ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვის დროს უპირატესობას მილანელებს აძლევს.