ვენგერს “სიტისთან” გამართული მატჩის მეორე ტაიმში გუნდის კაპიტნის დანიშვნა დაავიწყდა
საინტერესო ფაქტი მოხდა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (2:2).
“არსენალის” ფეხბურთელები მოედანზე კაპიტნის რანგში ლორან კოსელნიმ გაიყვანა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს. გუნდის მთავარმა კაპიტანმა პერ მერტეზაკერმა ეს შეხვედრა გამოტოვა. ვიცეკაპიტნები პეტრ ჩეხი და სანტი კასორლა ტრავმის გამო ასევე ვერ მოხვდნენ განაცხადში. შესვენებაზე არსენ ვენგერს დაავიწყდა იმის თქმა, ვის უნდა გაეყვანა გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში მეორე ტაიმში. კაპიტნის სამკლავური შესვენებაზე გასახდელში დარჩა, რაც ტურნირის რეგლამენტით აკრძალულია.
არსენ ვენგერს ამ შემთხვევის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“საინტერესო შეკითხვაა. არ მახსოვს, ვინ იყო კაპიტანი მეორე ტაიმში”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.