ვერატი: “მოგება “პარი სენ-ჟერმენის” ვალდებულებად არის ქცეული”
“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგულ კლუბზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა, რაც ძირითადად “პარიზელების” მიერ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხის (400 მილიონზე მეტი) შემდეგ გაიზარდა.
“ძალიან ბევრს საუბრობენ ჩვენზე, განსაკუთრებით კლუბს გარეთ. ყოველდღე ძალიან ბევრ ცუდ, არასწორ რაღაცას ვხედავ. შესაძლოა, წინა წლებში ამ სიმაღლეზე არ ვიყავით. მშვიდად უნდა ვიყოთ და დიდი ტიტული თავისით მოვა.
ჩვენგან უკვე ყველაფრის მოგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი ხმაური იქმნება ჩვენს გარშემო. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ისინი ჩვენში დიდ ძალას ხედავენ.
ზეწოლა მართლაც რომ ძალიან დიდია. დიახ, მოგება “პარი სენ-ჟერმენის” ვალდებულებად არის ქცეული და მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგება იქნება,” – აცხადებს ვერატი.