ვერატიმ “პსჟ”-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ გახდომაზე უარი თქვა
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ გახდომაზე უარი თქვა.
“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, იტალიელი ფეხბურთელისა და კლუბის ხელმძღვანელთა ბოლო შეხვედრაზე “პარი სენ-ჟერმენმა” ვერატის სეზონში ჯამაგირის სახით 12 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა 24 წლის ნახევარმცველმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი და კატალონიური გუნდი პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ კიდეც. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას არ სურს, ამ ტრანსფერის გამო პარიზულ კლუბთან ღია კონფლიქტში შევიდეს და იმედოვნებს, რომ ვერატი “პარი სენ-ჟერმენიდან” აბარგების თაობაზე გუნდის უფროსობას თავადვე მოელაპარაკება.
ცნობისთვის, მარკო ვერატისა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს.