ვერატის აგენტი: “ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება”
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის აგენტმა დონატი დი კამპლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი პარიზული გუნდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ თუ იტალიელი ფეხბურთელის შესახებ ჭორების გავრცელება გაგრძელდება, სხვა კლუბების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვას დაიწყებს.
“ვერატი კლუბსა და გულშემატკივრებზე განაწყენებული არ არის, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან “ბარსელონასთან” გამართული მატჩის წინა ღამე კლუბში გაატარა, სრული სიცრუეა. მარკოს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და მას სჯერა პარიზული პროექტის.
მიუხედავად ამისა, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება. თუ ვერატის რაღაცას კიდევ დააბრალებენ, ჩვენ სხვა კლუბთა შემოთავაზებების განხილვას უკვე სერიოზულად დავიწყებთ”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს სპორტული სააგენტო Sport.es.