ვერცხლის მედლების მომტანი მატჩი ივანწმინდაში
2014 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3-2. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზესტაფონელებმა პირველად კლუბის ისტორიაში ეროვნული პირველობის ვერცხლის მედლები და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს…
შეხვედრის პირველი ნახევარი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. უნდა ითქვას, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მათ მეტოქის კართან მიახლოვება უჭირდათ და საკუთარ შანსის პოვნას ისინი შორიდან დარტყმებით ცდილოდნენ. თავის მხრივ, საჩხერელები ოპონენტს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, თუმცა პავლოვიჩის კართან ახლოს ვერც ისინი მიდიოდნენ და “ზესტაფონის” კარის დარაჯის დაწუხრებას ასევე საჯარიმოს ფარგლებს გარედან “გასროლებით” ლამობდნენ.
ტაიმის ბოლო ხუთ წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 40-ე წუთზე ანგარიში ზესტაფონელებმა გახსნეს – შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თეიმურაზ ღონღაძის ჩაწოდებას რევაზ გეწაძე გამოეხმაურა და ბურთი საჩხერელთა გოლკიპერს თავზე ოსტატურად გადაუგდო. 42-ე წუთზე კი ძალთა თანაფარდობა აღდგა – საჩხერელ ბესიკ დეკანოსიძესა და ზესტაფონელ რენე ფერეირას შორის შემდგარ პოზიციურ ბრძოლაში მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ თამაშის წესის დარღვევა აღმოაჩინა და სტუმართა კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც დავით ოდიკაძემ ცივსისხლიანად შეასრულა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ – 47-ე წუთზე გიორგი გურულის ზუსტ გადაცემას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ბურთი გოგიტა სომხიშვილის კარის კუთხეში გადაგზავნა. ამის შემდეგ თამაში “გაიხსნა” და მეტოქეებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს – პავლოვიჩის კარს შორიდან დარტყმებით გიორგი გაბედავა და ბესიკ დეკანოსიძე დაემუქრნენ, ხოლო სომხიშვილს სიმშვიდე გრიგოლ დოლიძისა და გიორგი ჭანკოტაძის დარტყმების შემდეგ დაერღვა.
69-ე წუთზე ზესტაფონელებმა თავის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს – ჭანკოტაძის მიერ წამოწყებული შეტევა დოლიძის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემითა და ამ უკანასკნელის მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, იქ კი ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო და საჩხერელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. მასპინძლებმა მატჩის გადასარჩენად კი გაიწიეს, მაგრამ ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში მათ მოასწრეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გიორგი გაბედავას მიერ გატანილი გოლი გახლდათ.
მეორე გოლის გაშვების შემდეგ ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ შეუტის მეტოქის კარს. საჩხერელთა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა გიორგი ჭანკოტაძე, რომელიც სომხიშვილს კი გასცდა, მაგრამ მასთან კონტაქტის შედეგად მინდორზე დაეცა. მაშინ, როდესაც ყველა “ჩიხურას” კარში 11-მეტრიანის დანიშვნას ელოდებოდა, მატჩის არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური