“ვესტ ბრომვიჩმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ინგლისური “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ხელმძღვანელობამ გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალან ირვინი გაათავისუფლა.
56 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი “ვესტ ბრომვიჩს” 2014 წლის ივნისიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 22 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ექვსი მოიგო.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ვესტ ბრომვიჩს” 17 ქულით მე-16 ადგილი უკავია და მხოლოდ ერთი ქულა აშორებს გასავარდ ზონას.
ირვინი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მომუშავე თავკაცებიდან მეორე მწვრთნელია, რომელიც გუნდიდან დაითხოვეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ “კრისტალ პალასმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნილ უორნოკი გაათავისუფლა.
პირველ იანვარს “ვესტ ჰემ იუნაიტედთან” სტუმრად გასამართ მატჩში “ვესტ ბრომვიჩს” რობ კელი უთავკაცებს, რომელიც მანამდე ირვინის თანაშემწედ მუშაობდა.