ვეტერანებმა სფფ-ის 2013 წლის საქმიანობა შეაჯამეს
„მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
პრესკონფერენციას ვაჟა ჟვანია, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია და ლევან ნოდია ესწრებოდნენ. ვეტერანებმა მოკლედ შეაფასეს განვლილი წელი და გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე ისაუბრეს.
„ჩვენი, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის სლოგანია – გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დამსახურებულ ვეტერანებს და ამ მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს. გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ სახელმწიფოს, „ქართუ ჯგუფის“ და „დინამო“ თბილისის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ ვეტერანებისთვის.
ვფიქრობ, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებს, რაც უკვე ტრადიციად იქცა. არ შემიძლია, არ გამოვარჩიო ვასილ მაისურაძე და მისი 19-წლამდელები. ეს არის გამორჩეული გუნდი და გამორჩეული თაობა, რომელიც 2-3 წელში თავის სიტყვას იტყვის.
როცა ვეტერანები ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ, ან სადმე მივდივართ, ყველა ხარჯს ფეხბურთის ფედერაცია ფარავს. თუ ვინმეს იუბილეა, ან ვინმე გარდაიცვალა, ფედერაცია ყველანაირად გვერდში გვიდგას. აქვე გეტყვით, რომ ფედერაცია დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს, ვახტანგ კოპალეიშვილს, დავით გოგიას ოპერაციების გაკეთებაში. ინტენსიურად გამოდის წიგნები ქართველ ვეტერანებზე, ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე და ამასაც ფედერაცია აფინანსებს.
ჩვენ გულნატკენები ვართ, რომ ყაველაშვილმა და ჯამარაულმა რაღაც წყალგამყოფივით გაავლეს და თავის თავს „ახალგაზრდა ვეტერანებს“ ეძახიან… ვერაფრით გავიგე, რა არის ეს „ახალგაზრდა ვეტერანი“… ვეტერანი ვეტერანია“ – განაცხადა ვაჟა ჟვანიამ.
მურთაზ ხურცილავა: „საქმეები წინა წლებშიც კეთდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით არა. მიმდინარეობს მოედნების, ბაზების მშენებლობები; ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი და ამის დაუნახავობა არ შეიძლება. ზვიად სიჭინავას მინუსად ჩაუთვალეს, რომ რამაზ შენგელიას დაკრძალვის ხარჯები გაიღო… როგორ, რამაზ შენგელიას ოჯახს ფედერაცია არ უნდა დახმარებოდა?!
რა თქმა უნდა, პრობლემაა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, მისი დონე, მაყურებელთა დასწრება… ამაზე გული ძალიან მტკივა. გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთელებმა უნდა მიიყვანონ – სხვანაირად მე არ ვიცი…“
ოთარ გაბელია: „ალბათ, ყველას დაავიწყდა, რა პირობებში უხდებოდა ნაკრებს ვარჯიში და თამაში წლების განმავლობაში. ფედერაციას რაც ევალება, იმას აკეთებს. სწორედ, ესაა მისი მოვალეობა, რომ შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურული და საფეხბურთო პირობები. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი შეკრება, ტურნირი და ამხანაგური თამაში ჰქონოდათ.“
ლევან ნოდია: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან განვიცდით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას. მე თემურ ქეცბაიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. დისციპლინა უმთავრესია. თანაც, ფეხბურთელი ნაკრებში ზედმეტი კილოგრამებით არ უნდა ჩამოდიოდეს… თვითონ უნდა გრძნობდნენ ამ პასუხისმგებლობას. “
სფფ-ის პრესსამსახური