ვიდალი: “თუ თავს მნიშვნელოვან ფიგურად არ ვიგრძნობ, “ბარსელონას” დავტოვებ”
“ბარსელონას” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ამბობს, რომ კატალონიურ კლუბს დატოვებდა, თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რომ არ თვლიდეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. სწორედ “ნერაძური” არის ჩილელი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებული.
“33 წლის ვარ, თუმცა ვარჯიშის წყალობით ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ სამი-ოთხი წლის განმავლობაში შემიძლია. ჩემი მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს. დააკვირდით, რა მანძილს ვფარავ თითოეულ მატჩში.
აქ ბედნიერი ვარ, თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მინდა, რომ თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობდე. თუ ეს გრძნობა არ მექნება, კარიერაში სხვა რამეს მოვძებნი. მიყვარს თამაში. იმას არ ვამბობ, რომ ყველა შეხვედრაში უნდა ვითამაშო, მაგრამ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან მატჩებში თამაში ნამდვილად მინდა”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს El Periodico.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ვიდალს ტურინის “იუვენტუსში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა. მათ ერთად სკუდეტო სამჯერ დაისაკუთრეს.
“ანტონიოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მან იცის, რომ მე გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და ჩემი ნდობა შეიძლება. გარიგების ნაწილად თავს არ ვგრძნობ, პატარა ბიჭი აღარ ვარ. პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგი კარიერა მაქვს. ჩემზე სატრანსფერო ჭორები ხშირად ვრცელდება და ყოველ ჯერზე ამაზე ფიქრს რომ ვიწყებდე, გავგიჟდებოდი. ფანები “კამპ ნოუზე” და თუნდაც ქუჩაში ძალიან თბილად მხვდებიან. ისინი მოედანზე სტიმულს მაძლევენ”, – აღნიშნა ვიდალმა.