ვიეტნამელებმა “მანჩესტერ სიტის” მატჩზე დასასწრები ბილეთები დაწვეს
რამდენიმე დღის წინათ “მანჩესტერ სიტიმ” ვიეტნამში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა, თუმცა ვიეტნამელი ქომაგები “ქალაქელთა” ქცევით უკმაყოფილონი დარჩნენ. ერთ-ერთმა ვიეტნამელმა ხანგრძლივი ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ 12-საათიან რიგში ათი ბილეთის გამო იდგა, შემდეგ კი ნაყიდი ბილეთები პროტესტის ნიშნად დაწვა.
როგორც აღმოჩნდა, მატჩამდე ერთი დღით ადრე ვიეტნამელი ფანები “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს სასტუმროს ფოიეში დახვდნენ და სთხოვეს, რომ ვიეტნამს საგანგებოდ მისალმებოდნენ, თუმცა როგორც ერთ-ერთი ქომაგი ამბობს, ინგლისური კლუბის არცერთი მოთამაშე მასპინძლებთან კონტაქტზე არ გასულა და არც მოედანზე გამოსვლისას მისალმებია ტრიბუნაზე შეკრებილ პუბლიკას.
აქვე ერთი წლის წინანდელ შემთხვევას გაგახსენებთ. იმავე ვიეტნამში ლონდონის “არსენალი” ატარებდა ტურნეს. ერთ-ერთი ვიეტნამელი ქომაგი ლონდონური კლუბის ავტობუსს ასიოდე მეტრის მანძილზე გამოეკიდა, რის შემდეგაც “მეთოფეები” გაჩერდნენ და იგი საკლუბო ავტობუსში აიყვანეს.