ვილი სანიოლი: “მსურს ვუთანაგრძნო ყველა ქართველს”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
ვილი სანიოლი: მძიმე ტრაგედია მოხდა ბათუმში. მსურს ვუთანაგრძნო ყველა ქართველს, ძალიან შეწუხებული ვარ მომხდარი ფაქტის გამო.
საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, ისინი 2004 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, მათი რამდენიმე მოთამაშე დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა ჩვენ მარტში დავამტკიცეთ, რომ როდესაც სრული კონცენტრაციით და დისციპლინით ვთამაშობთ ასეთი დონის გუნდებთან კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. ხვალ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ისეთი მატჩს ველოდები, როგორც ეს სალონიკში იყო. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად უკეთესი შედეგის ჩვენებას შევძლებთ. ხვალინდელ შეხვედრაში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვთვლი, რომ სამ ქულას პირველ მატჩშიც ვიმსახურებდით.
ოქტომბრის შეკრებაზე გამართული ვარჯიშებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი გაცილებით უკეთეს ფორმაში იმყოფება ვიდრე ეს სექტემბერში იყო. ამიტომ, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია.
რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამართული 100 მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც ჯაბა კანკავასთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან იმისთვის, რომ ჯაბასთვის ასეთი განსაკუთრებული დღე მის კარიერაში ერთ-ერთი დაუვიწყარ მოგონებად აქციონ. ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, დიდი პატივია, რომ ასეთ დროს მის გვერდით ვარ. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ჯაბას დაუვიწყარ მეასე მატჩს ვაჩუქებთ.
ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვინ დაიწყებს საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში. კარგად მესმის გულშემატკივართა მოლოდინი, რომელთაც ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ერთად ხილვა სურთ მოედანზე. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტია. ტრავმების გამო მისი კარიერა ცოტათი შეჩერდა, მაგრამ ახლა ყველა გახარებული ვართ. რომ ის სათამაშო ფორმას იბრუნებს. ზუსტად არ ვიცით შეძლებს თუ არა გიორგი ორივე მატჩში 90 წუთი თამაშს, ამიტომ ეს საკითხი ერთად უნდა გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში კლუბშიც და ნაკრებშიც შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ამიტომ კარგად მესმის, თუ როგორ ელოდება ხალხი მათ ერთად ხილვას მოედანზე. თუმცა მე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, გუნდისთვის საუკეთესო ბალანსი უნდა ვიპოვო. თუ როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, ამას ხვალ იხილავთ, იმედი მაქვს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ ეროვნული გუნდისთვის სასიკეთო იქნება.”
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმი არენაზე შედგება. ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება.