ვილი სანიოლი: “ფეხბურთელებმა იგივე უნდა გააკეთონ, რაც შვედეთის წინააღმდეგ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანეთან მატჩზე:
“საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ ძლიერი ხასიათი გამოავლინა. ეს მატჩი ოთხჯერ ვნახეთ. ყოველთვის ისე არ ხდება, რომ ფავორიტი იმარჯვებს. როგორც არ უნდა დასრულებულიყო, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩი, ხვალ ყველა შემთხვევაში ძალიან რთული შეხვედრა იქნებოდა. 6 დღეში სამ მატჩს ვატარებთ, რაც ბევრია. სამივე შეხვედრაში ერთი შემადგენლობით ვერ ითამაშებ. რთულია, ვთქვა, იქნება თუ არა ცვლილებები. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ტაქტიკურად, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. შვედეთი და ესპანეთი განსხვავებული გუნდები არიან, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.”
კვარაცხელიას შესახებ:
“მან პირველი ტაიმში თავის ტკივილი იგრძნო. გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევრის შემდეგ ის დაგვესვენებინა. ახლა ყველაფერი კარგადაა. ის ესპანეთთან სათამაშოდ მზადაა.”
მიქაუტაძის შესახებ:
“მან კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც, სამწუხაროდ, მომდევნო ორ მატჩში ვერ ითამაშებს.”
ჯაბა კანკავას შესახებ:
“მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მეორე ტაიმში ბურთის უფრო მეტად კონტროლი გვინდოდა. აბურჯანიამ შემტევი ნახევარმცველიდან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.”
ჩაბრაძისა და გიორბელიძის შესახებ:
“რაც ვნახე და რასაც ყველა ამბობს, მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. არ არის იოლი სადებიუტო შეხვედრაში ასე თამაში.”
შთაბეჭდილებები ქართველ ფეხბურთელებზე:
“ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რაც გუნდმა შვედეთთან გააკეთა. ორი დღის შემდეგაც ამას ვამბობ. პირველი პრესკონფერენციის შემდეგ, ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ. თითოეული ფეხბურთელი კონცენტრირებულია და ეს მუშაობას აადვილებს. ვითამაშეთ კარგი დისციპლინით. ახლა ჩემმა ფეხბურთელებმა იგივე უნდა აჩვენონ ესპანეთთან, რაც შვედეთის წინააღმდეგ.”
ოქრიაშვილის შესახებ:
“სამწუხაროა, რომ ოქრი ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა. შვედეთთან მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე გადავწყვიტე, როგორ ვითამაშებდით ამ კონკრეტულ შეხვედრაში. მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ქართველ ფეხბურთელებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ოქრიაშვილი კარგი ფეხბურთელია.”
სამწვრთნელო შტაბზე:
“სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ხიზანიშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზურა ქართულად საუბრობს, მე – ვერა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხბურთელებთან კომუნიკაციაში. რაც შეეხება პრესის შეფასებებს, ყოველთვის ვცდილობ, რომ სასიამოვნო ინფორმაცია წავიკითხო.”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოსა და ესპანეთს შორის შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.