ვილი სანიოლი: ‘ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთშიც იგრძნობა’
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სტუმრად, ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“მთავარია, რომ გუნდის შენებისას დავეყრდნოთ ჩვენს უნარებს, ძლიერ მხარეებს და გუნდურ სულისკვეთებას. ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში არ გვექნება 15-20 საგოლე მომენტი. ამიტომ, ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დღეს ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალ პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, მათ იგივე სისტემით ითამაშეს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. ასეთი შედეგით მივიღეთ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა 1:1, ან 2:2. ამხანაგურ თამაშებში ვცდით ახალ სისტემას და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. ფეხბურთელებმა კარგი ხასიათი გამოავლინეს. ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეებით. შესაძლოა, ზოგჯერ პასი ან დარტყმა არ გამოვიდეს, მაგრამ მათ წარმოუდგენელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. მათთან ერთად მუშაობა ფანტასტიურია.
ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური თამაში იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც გუშინ ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ.
საქართველო ძლიერი ქვეყანაა და ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთის თამაშის სტილშიც იგრძნობა. მათ არ ეშინიათ მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში გატარების, როდესაც მათ გამარჯვების გეგმა აქვთ. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, მაგალითად, შვედეთთან და ესპანეთთან. გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი, რადგან ზოგჯერ შეიძლება მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით კარგი რაღაცების გაკეთებაა შესაძლებელი. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, ეს სერია ალბანეთთან და ერთა ლიგის მატჩებში გაგრძელდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.ge