ვილიანმა “ჩელსისთან” ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ვილიანმა “ჩელსისთან” ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, ბრაზილიელი “სტემფორდ ბრიჯზე” 2020 წლამდე დარჩება.
მართალია, რომ “არისტოკრატებმა” უკვე მოასწრეს ბატშუაის შეძენა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა ვილიანის კონტრაქტის გახანგრძლივება პირველი დიდი ნაბიჯია, რომელიც უშუალოდ ანტონიო კონტემ გადადგა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოვახერხე – ეს ჩემი ოცნება იყო. მაქსიმალურად ვეცდები, მომდევნო 4 წლის მანძილზე კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.
“სტემფორდ ბრიჯზე” მოსვლის დღიდან 3 წელი გავიდა და ეს პერიოდი მართლაც რომ გასაოცარი მონაკვეთი იყო ჩემს კარიერაში. აქ მე ტიტულები მოვიგე, გასულ წელს კი “ჩელსის” წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავსახელდი. იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე დარჩენას შევძლებ.” – განუცხადა ბრაზილიელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.