ვინ არის საქართველოს ნაკრების დებიუტანტი – ვაკო გვილია?
დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორი შეხვედრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, რომ 26 სპორტსმენს შორის ერთი დებიუტანტი – ვაკო გვილიაა.
ვაკო პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. გამომდინარე იქედან, რომ მისი ოჯახი 6 წლის წინ უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, გვილიას პირველი გუნდი ზაპოროჟიეს “მეტალურგი” (უკრაინა) იყო. იგი ამ კლუბში სამი წლის მანძილზე – 2012-2015 წლებში ასპარეზობდა. წარმატებული თამაშის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ბელარუსის დედაქალაქის კლუბ “მინსკში” 2016 წლის იანვარში გადავიდა. მან ზაფხულამდე 19 თამაში ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. დრომაც არ დააყოვნა და გასულ ივლისში გვილია ბელარუსის ყველაზე წარმატებული კლუბის, “ბატეს” წევრი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა ჯერ მხოლოდ ათი თამაშის ჩატარება მოასწრო და 3 გოლიც გაიტანა!
აქვე გეტყვით, რომ საყრდენმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა. 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის 21 წლამდელთა გუნდში სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას 6 და 9 ოქტომბერს ირლანდიისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.