ვინ არის სერგო კუხიანიძე, რომელიც სანიოლმა ნაკრებში პირველად გამოიძახა?
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისში, ჰოლანდიასთან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი, მათ შორის, წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის შემტევი სერგო კუხიანიძე გამოიძახა.
ვინ არის კუხიანიძე, რომელიც დღეს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება?
სერგოს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი აქვს შეგდებული და ის, რომ “სამგურალს” 19 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, დიდწილად მისი დამსახურებაა.
კუხიანიძემ პირადად ულიდერა გუნდს გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ჩემპიონატის მიმდინარეობისას და პლეი-ოფში თამაშისას.
ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა ქუთაისის “ტორპედოს” მე-2 გუნდში დაიწყო, მთავარ გუნდში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა. შემდეგ იყო მარტვილის “მერანი”, სადაც 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მარტვილიდან კი წყალტუბოში გადავიდა, სადაც 2020 წლიდან გამოჩნდა აქტიურად.
კუხიანიძე “სამგურალის” ლიდერად შეკრებაზე მოგვევლინა, როცა კლუბს 4 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 5 გოლი გატანილი. 5-ვე სერგოს ანგარიშზეა.
ელიგა 2-ში წარმატებული თამაშის შემდეგ მისით “დინამო თბილისიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ წყალტუბოელებმა შეძლეს მოთამაშის შენარჩუნებამ, რომელმაც იმავე “დინამოს” რამდენიმე ტურის წინ გამარჯვების ბურთი შეუგდო.
კუხიანიძე საქართველოს 21-წლამდეთა წევრიც ცოტა ხნის წინ გახდა და დღეს უკვე შანსი ეროვნული ნაკრებიდან მიიღო.
თავდამსხმელს ძალიან კარგი დარტყმა და საგოლე ალღო აქვს, საკმაოდ სწრაფია და სწორი პოზიციების შერჩევა განსაკუთრებით კარგად გამოსდის. მისი სტილის ფორვარდი ნაკრებში არც გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, მეორე სართულზეც მედგრად ირჯება.
ბავშვობის ოცნება ახდენილია, ფეხბურთელმა სანიოლისგან შანსი მიიღო – ახლა მისი დროა.