ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებში – ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალს” ჩაუდგება სათავეში. ის სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, ესპანურმა პრესამ დაიწყო იმაზე წერა, თუ ვინ იქნება ხულენის შემცვლელი “ფურია როხაში”. გამოიკვეთა ოთხი რეალური კანდიდატი.
მიჩელ გონსალესი
ესპანელმა თავის ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ის მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ “რაიო ვალეკანოს”, “ხეტაფეს”, “სევილიას”, “მარსელსა” და “მალაგას” ედგა სათავეში. მისი სტილი შეესაბამება ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას.
ლუის ენრიკე
შესაძლოა, მისი წარსულის გამოცდილება ყველაზე კარგად შეესაბამებოდეს აღნიშნულ პოსტს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გაწვრთნის დროს განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თამაშობდა ეროვნულ გუნდში. ასევე, 48 წლის დამრიგებლის კლუბები, ნამდვილად, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ.
ალბერტ სელადესი
21-წლამდე გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრი იყო. საგულისხმოა, რომ სწორედ სელადესის დამოძღვრილმა ბიჭებმა მოახერხეს გასულ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. ალბერტი დელ-ბოსკეს სამუშაო კოლექტივში იყო და ახლა ლოპეტეგის ასისტენტად მუშაობს.
აიტორ კარანკა
ის ესპანელთა 16-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად “რეალში” სამი წლის მანძილზე ირჯებოდა. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ აიტორმა “მიდლსბრო” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, შემდეგ ეს გუნდი ისევ დაქვეითდა.