ვინ გაწვრთნის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, კახა ცხადაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც, ამ მატჩში “ჯვაროსნებს” ახალი მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანებლებს.
ჯერ-ჯერობით, ქვეყნის პირველი გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა არ სახელდება. თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატს უკვე შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ის უცხოელია და კალაძის მეგობარია. ისიც დაიწერა, რომ მას დიდი ფეხბურთი უთამაშია.
ცხადია, რთულია იმის თქმა, თუ ვინ იქნება ნაკრების ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ შეგვიძლია, დავასახელოთ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც კალაძესთან ერთად “მილანში” უთამაშიათ, ბოლო დროს კი მწვრთნელობით იყვნენ დაკავებულნი.
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
1. ფილიპო ინძაგი
კალაძემ და ინძაგიმ “მილანში” ერთად დაახლოებით ცხრა წელი ითამაშეს. პიპომ 2012 წელს ბუცები ლურსმნებზე ჩამოკიდა, 2013 წელის კი “როსონერის” ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა დაიწყო. 2014 წელს, იტალიელი “მილანის” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 40 მატჩში უხელმძღვანელა. ინძაგის ხელმძღვანებლობით, “შავ-წითლებმა” 14 მატჩი მოიგეს, 13 შეხვედრა დათმეს, ხოლო ასევე 13-ჯერ ფრედ ითამაშეს. 2015 წელს, ინძაგი სინიშა მიჰაილოვიჩმა შეცვალა.
ინძაგი, რომელმაც კალაძის გაცილების მატჩზე გოლის გატანა მოახერხა, ამჟამად უმუშევარია.
2. ჯენარო გატუზო
გატუზო კალაძესთან ერთად “როსონერიში” ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა და ცხადია, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. “მამაცმა გულმა” სათამაშო კარიერა 2013 წელს შვეიცარიულ “სიონში” დაამთავრა, სადაც მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ამავე წელს ის “პალერმოს” ჩაუდგა სათავეში. ჯერანომ სიცილიური კლუბი მოედანზე ექვსჯერ გაიყვანა, აქედან ორში გამარჯვება მოახერხა, სამში დამარცხდა და ერთი მატჩი კი ფრედ დაასრულა.
2014 წლის 5 ივნისს, იტალიელი კრეტის “ოფი”-ს მთავარი მწვრთნელი გახდა, სადაც მან გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილთან ერთად იმუშავა. “ოფი”-ში ფინანსური პრობლემები იყო, ფეხბურთელები და მწვრთნელები ხელფასებს ვერ იღებდნენ, რაც რა თქმა უნდა, გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზეც მოქმედებდა. საბოლოო ჯამში, გატუზომ ბერძნულ კლუბში მუშობის პერიოდში 5 მატჩი მოიგო, 13 შეხვედრაში დამარცხდა, 3-ჯერ კი ფრედ ითამაშა.
“ოფი”-ს შემდეგ, გატუზო ცოტა ხნით შოტლანდიურ “ჰამილტონ აკადემიკალში” იმყოფებოდა, 2015 წლის 20 აგვისტოს კი იტალიის რანგით მესამე დივიზიონში მოთამაშე “პიზა” ჩაიბარა. “პიზამ” მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 15 გამარჯვება მოიპოვა, 5-ჯერ კი დამარცხდა. დიდი შანსია, შემოთავაზების შემთხვევაში, გატუზომ ამ კლუბში მუშაობას, საქართველოს ნაკრებში მუშაობა არჩიოს.
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
სხვები
ჩვენი ვარაუდით, ინძაგი და გატუზო საქართველოს ნაკრებში მუშაობის ყველაზე რეალური კანდიდატები უნდა იყვნენ. ასევე, არიან ისეთი მწვრთნელებიც, რომლებსაც თავის დროზე კალაძესთან ერთად უთამაშიათ, მაგალითად: კლარენს ზეედორფი (უკლუბოდ), მასიმო ოდო (“პესკარა”), იონ-დალ ტომასონი (დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი), ანდრეი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი) და სხვები.