ვინ იქნება ხვალ – 3 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის 6 წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე ვიხილავთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამ წევრს, საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ ქართველი მძლეოსნები.
3 აგვისტო
გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97კგ)
გიორგი მელია დღეს 1/8-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან დამარცხდა. ევლოევი ფინალში გავიდა, რის გამოც ქართველ მოჭიდავეს დამამშვიდებელ წრეში გამოსვლის საშუალება მიეცა. ხვალ, 06:00 საათიდან, მელია დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება.
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67კგ)
რამაზ ზოიძე შეჯიბრში 1/8-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო იქნება. ეს დაპირისპირება, დაახლოებით, 07:10 საათზე დაიწყება.
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87კგ)
გობაძის პირველი მეტოქე 1/8-ფინალში უზბეკი რუსტამ ასაკალოვი იქნება. ეს შეხვედრა 07:00 საათის შემდეგ დაიწყება.
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
ქართველი მძლეოსანი საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში გამოვა. ფინალში მოსახვედრად, საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს. შეჯიბრი 04:00 საათიდან დაიწყება.
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
მუჯარიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში იასპარეზებს. ფინალში გადასასვლელად საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს. შეჯიბრი 14:15 საათზე დაიწყება.
ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
აბრამიანი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში 15:40 საათიდან დაიწყებს. ფინალში გადასასვლელად საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM