ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“?

თარიღი: ნოემბერი 11, 2013

დაახლოებით ორ თვეში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ არის 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ფიფამ „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა. ნოემბრის ბოლოს ჟიურის თითოეულ წევრს ელექტრონული ფოსტით ფიფასგან წერილი მიუვა, რომელშიც 23-კაციანი სია იქნება, მან კი მისთვის სასურველი სამი ფეხბურთელი უნდა ამოირჩიოს და შესაბამისი ქულები დაუწეროს. ფიფა მიღებული ხმებს დააჯამებს და სამი  მოთამაშის ვინაობას გაამხელს, რომელთაც უკვე რეალურად ექნებათ ჯილდოს დასაკუთრების შანსი. წინასწარ უკვე სახელდება, თუ ვინ იქნება აღნიშნული სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. სამივე მათგანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმებით, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს.

„ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებს. მაგალითად, თუ მოთამაშემ ბევრი გოლი გაიტანა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. შემდეგ აქცენტი კეთდება გუნდურ მიღწევაზე. მაგალითად, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესე იგი მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. მესამე – ფეხბურთელის ავტორიტეტი თანაგუნდელებს შორის, გამოცდილება, იმიჯი, რეპუტაცია. აი, ზეპ ბლატერმა ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ნამდვილი ფეხბურთელის განსახიერებაა, რონალდუ კი ვარცხნილობას ზედმეტ ყურადღებას უთმობსო. ფიფას პრეზიდნეტს ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, თუმცა ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი შეიძლება ერიოს კიდეც.

კანდიდატები
ზემოთ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მანამდე მესი უპირობო იყო ხოლმე, რადგან მისი „ბარსელონა“ თითქმის ყველაფერს იგებდა, თუმცა 2013 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი მოიგო, მაგრამ ევროსარბიელზე მიუნხენის „ბაიერნისგან“ ისეთი სირცხვილი ჭამა, რომ მის დავიწყებას წლები დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუ? კი ბატონო, შესანიშნავი ფეხბურთელია, მესის მსგავსად, ისიც ბევრს იტანს, მაგრამ 2013 წელს მისი გუნდი ყველა ფრონტზე ხელმოცარული დარჩა.

ამ წელს არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილა. არადა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის შერჩევისას ასეთი მასშტაბური ტურნირის გავლენა საკმოდ დიდია ხოლმე.

რა შეიძლება ითქვას ფრანკ რიბერიზე? „ბაიერნმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამაში ლომის წილი დაიდო ფრანგმა: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. რიბერიმ 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა. რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ასეთი სეზონი ფრანგს ჯერ არ ჰქონია. ის მოპოვებული ტიტულების მხრივ კონკურენტებს აშკარად სჯაბნის, თუმცა მესამე კრიტერიუმში, რაც ფეხბურთელის რეპუტაციას ითვალისწინებს, რიბერის საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო“. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა სწორედ იმ პერიოდშია ჩანიშნული, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს – 2014 წლის იანვარში.

ფსიქოლოგიური ფაქტორი
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური ფაქტორი. „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა პატრიკ რაიხარდტმა თქვა, რომ მესისა და რონალდუს ტვინიდან ვერ ამოშლი და მათ იმ შემთხვევაშიც მისცემენ ხმას, თუ სეზონს ჩააგდებენო. ძნელია არ დაეთანხმო რაიხარდტს.

„ევროსპორტის“ ათი რედაქციის ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის მიზანსაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა წარმოადგენდა. ევროპის ათი ქვეყნიდან რვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შემდეგი პოზიციები დაიკავეს რონალდუმ, ინიესტამ და ბეილმა. „ბაიერნიდან“ საუკეთესო მაჩვენებელი ბასტიან შვაინშტაიგერმა აჩვენა, რომელმაც მერვე ადგილი აიღო, რიბერი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გავიდა“, – აღნიშნა „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას ყველა წევრი ქვეყანა. არასაფეხბურთო ქვეყნებში ზოგჯერ ისიც არ იციან, თუ ვინ თამაშობს  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორც წესი, არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზორში ხედავენ და არა იმას, ვინც რეალურად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მართალია, ამ ფაქტორს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია, თუმცა ხმას იმდენი ქვეყანა აძლევს, რომ გამარჯვებული მაინც ღირსეული ხდება ხოლმე.

ჩვენი ვარაუდი
გარკევული ანალიზის შემდეგ, ჩვენს პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. „ოქროს ბურთს“ მოიგებს ფრანკ რიბერი, რადგან გასულ სეზონში „ბაიერნის“ უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით განუზომელი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლდათ.

რიბერისა და მესის მიკროდუელი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ: წყვილის პირველ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სახეირო ვერაფერი გააკეთა, მისი გუნდი კი ანგარიშით 0:4 განადგურდა, განმეორებით მატჩში კი არც უთამაშია. თითქოს ეს ერთგვარ კაპიტულაციას ჰგავდა, თითქოს ტიტო ვილანოვამ მესის სათადარიგოთა სკამზე დასმით აღიარა, რომ მეორე მატჩში შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მთლად კარგად თავს ვერ გრძნობდა და გუნდსაც ვერ შეეშველებოდა. „ბაიერნმა“ შესანიშნავად, ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი სეზონი, გუნდი კონკურენტებთან შედარებით მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა და ამაში რიბერის წვლილი განუზომელია. ის იყო ყველა ფრონტზე გამარჯვებული გუნდის ლიდერი. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პირველ ადგილზე სწორედ ფრანგი გავა, მეორეზე – მესი, რომელმაც პრიმერა მოიგო, მესამე პოზიციას კი რონალდუ დაიკავებს, რომელიც ტიტულის გარეშე დარჩა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ვფიქრობთ, ამ სტატუსს იუპ ჰაინკესს მიანიჭებენ – „ბაიერნის“ ამ გრანდიოზული წარმატების შემოქმედს, კაცს, რომელიც გუნდიდან გამარჯვებული წავიდა.

„ფიფას ოქროს ბურთი“ 2010 წლიდან მოქმედებს. მანამდე ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) და „ფიფას წლის ფეხბურთელი“ (ნაკრებების თავკაცებისა და კაპიტნების გამოკითხვა) განსხვავებული ჯილდოები გახლდათ. გამოკითხვის წესის მიხედვით, ჟიურის თითოეული წევრი 23-კაციანი სიიდან მისთვის სასურველ 3 მოთამაშეს ირჩევს (5 ქულას ანიჭებს პირველადგილოსანს, 3-ს – მეორეადგილოსანს და ერთს – მესამეადგილოსანს).

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდუ: “ჩვენი ფანები ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ სოციალურ ქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის შეტევისას “მარსელის” ფანი გამოეკიდა (ვიდეო)

24 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელის “ოლიმპიკმა” საკუთარ მოედანზე პსჟ მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გააცილეს “ბარსელონას” ფანებმა რონალდ კუმანი (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მტკივნეული მარცხი იწვნია. მადრიდის “რეალმა” კატალონიური გრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისმა ბათუმის წაგებით ისარგებლა, “სამტრედია” შეუძლებელი შეძლო

ეროვნული ლიგის 31-ე ტური უდავო აიტსაიდერისა და პირველადგილოსნის მატჩით გაიხსნა. “სამტრედია” შეხვედრამდე მთავარმა მწვრთნელმა დატოვა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახვლედიანმა ეროვნულ ლიგაში უსწრაფესი გოლი შეაგდო (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა “თელავს” უსწრაფესი გოლი მე-17 წამზე გაუტანა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “უკვე ფსკერზე ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის მატჩში “ლივერპულთან” უშანსოდ განადგურდა. პრინციპულ მეტოქესთან ხუთბურთიანი სხვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეხვედრა გაიმართა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდის “რეალმა” ზედიზედ მეოთხე “ელ კლასიკო” მოიგო (ვიდეო)

24 ოქტომბერს “კამპ ნოუმ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” უმასპინძლა. “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შო...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ალაბას შესანიშნავი გოლი “ბარსელონას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო LE BUT DE ALABA EST INCROYABLE #ElClasico pic.twitter.com/nQYEoGaBKl — 𝑱𝒐 🥷🏼 (@Trakkzzii) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინმა ოქროს ბურთის ჯილდოზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფავორიტი […]...
წაკითხვა