ვინჩენცო იაკუინტას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ვინჩენცო იაკუინტას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2015 წლის დეკემბერში იაკუინტა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასა და კალაბრიაში არსებულ მაფიოზურ დაჯგუფება “ნდრანგეტასთან” კავშირში დასდეს ბრალი. მაისში პროკურორი ყოფილი ფეხბურთელისთვის ექვსი წლის, მისი მამისთვის კი 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
დღეს იაკუინტას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა დაუმტკიცდა, მაგრამ მაფიოზურ ორგანიზაციასთან კავშირი არ დაუდასტურდა. ყოფილი ფეხბურთელის სახლში ნაპოვნია რევოლვერი Magnum-ი, პისტოლეტი Browning-ი და 126 ვაზნა.
იაკუინტას მამას მაფიოზურ ორგანზიაციასთან კავშირი დაუმტკიცდა და 19 წლის ვადით თავისუფლების აკვეთა მიესაჯა. ფეხბურთელი სახლში იარაღს სწორედ საკუთარი მამისთვის ინახავდა.
იტალიური კანონმდებლობის თანახმად, ვინჩენცო იაკუინტას საპატიმრო დაწესებულებაში მანამდე არ გაამწესებენ, სანამ სასჯელის გასაჩივრების ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ვინჩენცო იაკუინტამ მოთამაშის კარიერა 2012 წელს დაასრულა.