ვიქტორ კოლელიშვილი: ტომგასთან გამარჯვება არგენტინასთან მუხტს გვაძლევს
ტონგასთან მატჩის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ბიჭები დაასვენა და გუშინდელი დღე აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმო. ბიჭები სასტუმროში მომავალი მეტოქეების, არგენტნისა და ახალი ზელანდიის მატჩს უყურებდნენ.
ოთხ დღეში ჩვენი ნაკრებს ბევრად უფრო ძლიერ და გამოცდილ მოტოქესთან, არგენტინელ „პუმებთან“ მოუწევს შერკინება. გუნდთან, რომელიც 4 ერის თასზე სტაბილურად ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან მუდმივი ტესტებით, ბევრად უფრო განვითარდა და საგრძნობლად გაძლიერდა. არგენტინამ წელს მსოფლიომდე სამხრეთ აფრიკას სძლია, ხოლო შარშან, შინ „ვოლაბებიც“ დაამარცხა. გუშინ კი ისე ერკინა „ოლბლექს“, რომ ამ უკანასკნელმა ბონუსის აღება ვერ მოახერხა.
ამრიგად არგენტინა ძალზე ძლიერი მეტოქეა. აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს – ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ქულათა შორის სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია „იაგუარებად“ წოდებულ არგენტინის „ა“ ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში და შარშან თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.
პარასკევის მატჩისათვის მზადებას ბორჯღალოსნები დღეს დილიდან შეუდგნენ. ბრისთოლის სპორტული აკადემიის მოედანზე.
– მწვრთნელები იმაზე მუშაობენ, რომ შეტევაში ტონგასთან ნაჩვენები წუნი გამოვასწოროთ და არგენტინასთან ბევრად უფრო მომზადებულები გავიდეთ. რათქმაუნდა ტონგას დამარცხება ძალიან კარგი იყო და მომავალი მატჩისთვის დიდ მუხტს გვაძლევს, მაგრამ საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია და მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოსაგები მატჩიდან სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულში უკვე გავიმარჯვეთ, – განაცხადა „ბორჯღალოსანთა“ ფლანკერმა, ვიქტორ კოლელიშვილმა.
არგენტინელებთან მომავალ მატჩს აფასებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძეც.
– რა თქმა უნდა, პირველმა მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა დიდი გუნდია, რომელსაც ბევრი გამოცდილი და ძალიან კარგი მორაგბე ყავს. არის რამდენიმე კომპონენტი რაზეც მთელ გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს სამუშაო გვაქვს, – ამბობს კაპიტანი.