ვიტ ჯორჯიამ ბათუმის დინამო დაამარცხა
დღეს, მცხეთაში უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა გაიმართა. “ვიტ ჯორჯიამ” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამო” მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
“ვეტერინარებმა” უპირატესობა მატჩის დებიუტში მოიპოვეს. პირველივე წუთებზე გოლის გატანა დადიანს შეეძლო, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. მალევე კუხალეიშვილსაც შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი მიზანს ისევ ასცდა.
მე-19 წუთზე მასპინძლების შეტევებმა შედეგი გამოიღო და ანარიშიც გაიხსნა. საბაძის ჩაწოდებას საჯარიმოში კახაბრიშვილი გამოეხმაურა და – 1:0. 9 წუთში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს. მაისურაძის კარგად შესრულებული სტანდარტის შემდეგ ყველას კალანდიამ დაასწრო და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა ფაქტობრივად ვერაფერი შექმნეს და ანგარიშიც არ შეცვლილა.
მეორე ნახევარში “ვიტ ჯორჯიამ” ტეროტორიული უპირატესობა შეგნებულად დათმო და აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა. “დინამოელები” ბურთს კი ფლობდნენ, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია. “ვიტ ჯორჯიას” კი გატანა კიდევ შეეძლო. 75-ე წუთზე მაპსინძლების მიერ გათამაშებულ კუთხურის შემდეგ ბათუმელთა კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ უშედეგოდ. ისევე როგორც 90-ე წუთზე, როცა ალავიძესთან პირისპირ კუხალეიშვილი გავიდა. “ვიტ ჯორჯიას” შემტევის დარტყმა სუსტი გამოდგა და მეკარის იოლი ნადავლი გახდა.
ვიტ ჯორჯია 2-0 დინამო ბათუმი
გოლები: კახაბრიშვილი 19′ ; კალანდია 28′
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, გურეშიძე, გახარია, მაისურაძე, კურდღელაშვილი, ჩაჩიანი, კუხალეიშვილი, კახაბრიშვილი.
სათადარიგოები: ჩალიგავა, თათხაშვილი, ჩიტიშვილი, დავლაშელიე, ღიბრაძე, ხვისტანი, კვირკვია.
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
დინამო ბათუმი: ალავიძე, ჩუენსუ, მგელაძე, მახარაძე, გავაშელიშვილი, შონია, დიასამიძე, ჩირიკაშვილი, კაკალაძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მუჯირი, ვარშანიძე, ბერიაშვილი.
მწვრთნელი: ასლან ბალაძე.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები