ვითა ბეშიქთაშისთვის და ვითიბი ლიგისთვის ემზადება
დღეს და ხვალ აღდგენილი ქართული საკალათბურთო კლუბი ვითა ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს თურქულ ბეშიქთაშთან. ვითა ახალი სეზონისთვის ემზადება. სეზონი კი ქართული რეალობისთვის უცხოა – ქართული კლუბი ვითიბი ლიგაში ითამაშებს.
ბეშიქთაშთან მატჩამდე ვითამ სპორტის სასახლეში ვარჯიში გამართა, სადაც მწვრთნელ პაველ გოოგესა და კალათბურთელ ირაკლი ჩლაიძეს გავესაუბრეთ. სხვათა შორის ჩლაიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
– ერთი თვით ადრე რომ დაგვეწყო მზადება უკეთესი იქნებოდა. ჯერჯერობით მხოლოდ 40 პროცენტით ვართ მზად. თუმცა, ჩემი კალათბურთელებით კმაყოფილი ვარ. ისინი მოტივირებულად ვარჯიშობენ და იმედია, თანდათან მოვუმატებთ. პროგრამა მინიმუმსა და მაქსიმუმზე საუბარი ნაადრევია. რამდენიმე კვირაში უკეთეს ფორმაში ვიქნებით. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გაირკვევა, – გვითხრა გოოგემ.
– ვითა ახალი გუნდია, კარგი ლეგიონერები და მწვრთნელი გვყავს. ახლა მთავარია შევთამაშდეთ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მოვახერხებთ თუ არა პლეი ოფში გასვლას. „ვთბ-ლიგა” მეტად ძლერი ტურნირია. უპირველეს ფავორიტად ცსკა-ს ვთვლი. რაც შეეხება ბეშიქთაშთან ამხანაგურ მატჩებს, საინტერესო თამაშები იქნება. მე რაც შემეხება, ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს, რამდენიმე დღეა, რაც წვრთნას შევუდექი და დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვითამაშებ თუ არა სტამბოლელთა წინააღმდეგ, – ეს ჩლაიძის კომენტარია.