„ვითა“ თურქული შეკრებიდან დაბრუნდა
საკალათბურთო კლუბ „ვითას“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა თურქეთში ორი ტესტი ჩაატარა. ჩვენი კლუბის მოწინააღმდეგე იყო თურქეთის უმაღლესი ლიგის (BSL) წარმომადგენელი, „იესილგირესუნი“.
ეს კლუბი სოლიდურად არის დაკომპლექტებული. „იესილგირესუნის“ შემადგენლობაში არიან ამერიკელები (კრის ჯოუნსი, რეიმელ ბრედლი, დორონ პერკინსი, დევიდ ლოური, ტონი კროკერი), ნიგერიის ნაკრების ცენტრი ჯელილ აკინდელე, მაკედონიელი კრისტიან ნიკოლოვი, ლიტველი დეივიდას დულკისი. კლუბში რამდენიმე ძალიან კარგი თურქიც თამაშობს.
„ვითა“ თურქულ ტურზე ტრავმირებული ირაკლი ჩლაიძის გარეშე ჩავიდა. ირაკლი სეზონისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
„ვითას“ სასტარტო ხუთეული პირველ ტესტში: რალსტონ ტერნერი, პიერია ანრი, მიხეილ ბერიშვილი, დარიუს კარტერი, კონსტანტინ ანიკეენკო.
პირველი ტესტი უკეთ თურქულმა კლუბმა დაიწყო. რამდენიმე სამიანი ჩააგდო კროკერმა, „ვითა“ კი გადიოდა აკლიმატიზაციას და პროცესში, რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პირველ მეოთხედს 20:26 წააგო.
„ვითას“ მწვრთნელებმა ყველა ათამაშეს. არ დაიტვირთა მხოლოდ რალსტონ ტერნერი, რომელმაც ლიმიტირებული დრო (7 წუთი) მიიღო და ამ პერიოდში 1 სამიანი გამოიყენა. 19 ქულა დააგროვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა. ხუთიდან სამი ზუსტი სამიანი, 7/6 საჯარიმო, 3 მოხსნა – ბერიშვილმა ტესტი კარგი სტატისტიკით დაასრულა.
19 ქულას აიღო ფორვარდმა დარიუს კარტერმა. აკურატული სროლა თამაშიდან (12/6), 6 მოხსნა და კარტერზე თურქულმა კლუბმა ბევრი პერსონალური მიიღო.
ძალიან კარგად შევიდა თამაშში მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც არასრულ 27 წუთში 9 ქულას აიღო. ბოქოლიშვილი გოოგეს ფორმაციაში ერთ-ერთ სანდო მოთამაშედ რჩება. ახალი როლი, ახალი დატვირთვები – საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი მზად არის ამ გამოწვევებისთვის.
საბოლოოდ, „იესილგირესუნმა“ 90:85 მოიგო. და „ვითამ“ 14/8 სამიანი გამოიყენა, 32 საჯარიმოდან – 21 და კარგი პროცენტით შეასრულა სროლები საშუალო მანძილიდან (32/20, 58 %).
„ვითას“ სასტარტო ხუთეული მეორე ტესტში: მერაბ ბოქოლიშვილი, პიერია ანრი, მიხეილ ბერიშვილი, ლევან შენგელია, კონსტანტინ ანიკეენკო.
მეორე შეხვედრაში თითქმის იდეალური პროცენტით ისროლა თამაშიდან ანრიმ. 9/7 საშუალოდან, 4/3 -სამიანი და პარალელურად, რამდენიმე ეფექტური პასი.
პირველ ტაიმში მთლიანად თურქულ კლუბს ჰქონდა ძალიან მაღალი პროცენტი თამაშიდან ზუსტ სროლებში და ერთ-ერთ ეპიზოდში „იესილგირესუნის“ უპირატესობა 20 ქულამდე ავიდა.
„ვითამ“ შეამცირა სხვაობა და მესამე მეოთხედის დასაწყისში მხოლოდ 7 ქულას აგებდა (48:55). ეს 10:0 გაქცევის შემდეგ მოხდა.
თურქულმა კლუბმა მოიგო ტესტი 88:76 და „ვითამ“ მეორე თამაშიც 8 ზუსტი სამიანით დახურა.
ჩვენ კლუბს მაქსიმალურად კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს და ორ დღეში ორი ტესტ-მატჩის ჩატარება კარგად ჯდება „ვითას“ მთავარი მწვრთნელის, პაველ გოოგეს გეგმებში.
პაველ გოოგე:
– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ვითას“ გენერალურ დირექტორს, ლევან მიქელაძეს. თურქეთში ლევანს დიდ პატივს სცემენ და მაქსიმალურად კარგი, კომფორტული პირობები შეგვიქმნეს. ეს შეკრება აუცილებელი იყო. თურქეთში ჩავდივართ, როგორც ნორმალური მოთამაშეების ჯგუფი და ჩამოვდივართ, როგორც ოჯახი. თბილისში არ გვქონდა დრო დაცვაში თამაშზე რომ სრულყოფილად გვემუშავა. ოდნავ გვიან შემოგვიერთდნენ ამერიკელები და პროცესში, ყველაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ ვასწრებდით. „ვითა“ დაიხვეწება. მსიამოვნებს ამ ჯგუფთან ერთად ყოფნა, ამ მოთამაშეებთან მუშაობა და ეს პროცესი გრძელდება. ნიჭით, „ვითა“ ამ თურქულ კლუბზე წინ არის. ბევრად წინ. წაგებული თამაშებიდან შედეგზე უფრო თამაშის ხარისხი და ჩემთვის საინტერესო რამდენიმე ნიუანსი მაინტერესებდა. კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც მაქსიმალურად ყურადღებით აკეთებდნენ ყველაფერს. ვაგრძელებთ მზადებას VTB ლიგისთვის.