ვიცე-ჩემპიონთა პირველი ვარჯიში
მიმდინარე წლის 5 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირანახევრიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის ზესტაფონის ბაზაზე გაიმართა.
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპალიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდების კენჭისყრა მიმდინარე წლის 23 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება. მარგველებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა არ უწევთ, ხოლო მეორე ეტაპის შეხვედრებს მარგველები 17 და 24 ივლისს გამართავენ …
როგორც მოგეხსენებათ, მცირე არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინ შეიკრიბა – 4 ივნისს თბილისის სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. პრესტიჟული საკლუბო ტურნირისათვის მომზადების პირველი ეტაპი ზესტაფონში დღეიდან დაიწყო და 22 ივნისამდე გასტანს. ხოლო 24 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც ხუთი საკონტროლო შეხვედრის გამართვა იგეგმება.
ზემო იმერეთი გუნდს თბილი ამინდით შეეგება და ამის გამო პირველი ვარჯიში საკმაოდ გვიან (19:00 საათზე) დაინიშნა. ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზების გამო რენე ფერეირა დოს სანტოსი გამოაკლდა. ბრაზილიელი ლეგიონერი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო – ხანმოკლე ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა. ვარჯიშის მეორე ნაწილი კი ბურთთან მუშაობას დაეთმო.
გუნდთან ერთად ივარჯიშა 25 წლის ბექა ტუღუშმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფორვარდი გახლავთ და ბოლოს რუსთავის “მეტალურგისა” და ქუთაისის ”ტორპედოს” რიგებში ასპარეზობდა. მოგახსენებთ იმასაც, რომ რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვა ნაემეკა აჯურუმ.
ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი გთავაზობთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური