“ვიცი, აფხაზეთისა და საქართველოს ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე შეხვდებიან” – ხვედელიანი ასტამურ ადლეიბამ მოატყუა?
რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მას შუამავლის მეშვეობით (Facebook-ზე სახელით “ერთიანი საქართველო”, რომელსაც გარეკანის ფოტოდ პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მარშის” ლოგო უდევს) დაუკავშირდა ოკუპირებული აფხაზეთიდან სოხუმის “დინამოს” პრეზიდენტი ასტამურ ადლეიბა და დახმარება სთხოვა, მათ თბილისის “დინამოსთან” ან რომელიმე მოწინავე ქართულ გუნდთან ეთამაშა.
“
ხვედელიანის განცხადებით, მან გაცვალა ადლეიბასთან პოზიციები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მატჩის ჩატარების იდეის მხარდამჭერას, თუ მის პირობებს შეასრულებდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციას მაშინვე გამოეხმაურა რეგიონლიგაში მოთამაშე კლუბის, “დინამო სოხუმის” მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება და ეს მატჩი საქართველოს ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციებთან დიდ პრობლემებს შეუქმნის.
“ნებისმიერი სეპარატისტული გუნდის თბილისში სტუმრობა, ფიფა-სგან და უეფა-სგან განხილული იქნება ჩვენს მიერ მათ ირიბ აღიარებად და მათგანაც შესაბამისი რეაქცია არ დაახანებს! ვერანაირი ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ვერანაირ ამხანაგურ მატჩს, რადგან ბუნებაში ერთი სოხუმის “დინამო” არსებობს, რომელიც სადღეისოდ ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში და არის სფფ-ს(ფიფა-ს, უეფა-ს) იურიდიული სუბიექტი!”, – წერია სოხუმის “დინამოს” საგანგებო განცხადებაში.
7 დეკემბერს ხვედელიანმა ადლეიბას საქციელს, ორმაგი თამაში უწოდა, რადგან მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმის “დინამოს” სტადიონზე “მოძმე ხალხთა თასი” გაიმართება.
“დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე დინამო სოხუმის სტადიონზე გაიმართება “საერთაშორისო” საფეხბურთო ტურნირი, სახელწოდებით “მოძმე ხალხთა თასი” და აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გაგრისა და გუდაუთის გუნდები, რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის გუნდი – “პატრიოტი”, სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გუნდი – “დონბას-უგოლი” და თავად სოხუმის დინამოც. აღნიშნული ტურნირი და ფაქტი მაფიქრებინებს იმას, რომ ბატონ ასტამურ ადლეიბას განზრახული ჰქონდა არა “შერიგების მატჩის”, არამედ “სეპარატისტული ამბიციების დასაკმაყოფილებელი” მატჩის გამართვა”, – ამბობს ხვედელიანი.
დღეს ასტამურ ადლეიბამ სოციალურ ქსელში სოხუმის “დინამოს” გვერდზე დაწერა, რომ 90-იან წლებში გამსახურდიას ნაციონალისტური იდეებით შეპყრობილებმა, უარი თქვეს სოხუმის “დინამოს” სახელზე და შექმნეს გუნდი – “ცხუმი”.
“დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც აფზეთისა და საქართველოს ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე ერთმანეთს შეხვდებიან”, – წერს ადლეიბა, რომელიც სოხუმის მერის პოსტიდან კორუფციის გამო გაათავისუფლეს.
ამ ყველაფერს ხვედელიანი ასე გამოეხმაურა: “ის, რომ ბატონ ასტამურს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის სჭირდებოდა ეს თემები, ამ სქრინითაც დასტურდება! მეტ განმარტებას ვგონებ აღარ საჭიროებს!”.
თაქთაქიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ადლეიბას განცხადებას და ახალი ტურნირის ინიციატივით გამოვიდა, სადაც მონაწილეობას 7 ქართული გუნდი მიიღებს.
” მე მინდა ჩემი ინიციატივა გაგაცნოთ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა , საქართველოში დღეს-დღეისობით აფხაზეთიდან დევნილი , “დინამო” სოხუმი ( რეგიონ ლიგა),”კოლხი” გულრიფში(რეგიონ ლიგა), “გაგრა” გაგრა “(ეროვნული ლიგა -2 , “ცხუმი”სოხუმი ( რეგიონ ლიგა) , “აფხაზეთი” სოხუმი (მოყვარულთა ლიგა). ეს ხუთი გუნდია რომლიც მონაწილეობს სხვდასხვა ჩემპიონატებში ხოლო სამაჩაბლოდან მხოლოდ ორი გუნდია , “ლიახვი” აჩაბეთი(რეგიონ ლიგა) და “ლიახვი” ცხინვალი(რეგიონ ლიგა) . როგორც ხედავთ ჯამში 7 საფეხბურთო კლუბი გამოვიდა რომლებიც ძირითადად რეგიონ ლიგაში მონაწილეობენ ასევე “გაგრის” გაგრასაც ყავს რეგიონ ლიგის გუნდი ამით იმის თქმა მინდა , რომ შეგვიძლია საქართველოში ჩავატაროთ ხსოვნის ტურნირი რომელიც მიეძღვნება იმ გმირების სულებს რომლებიც ზვარაკად შეეწირნენ ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს , ეს ტურნირი შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი ეტაპის დროს და ამხანაგური მატჩების მაგივრობა გაწიოს”, – წერს თაქთაქიშვილი.
მიმდინარე დღეების ქრონიკას ფეხბურთის ფედერაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.