ვლადიმერ ვაისი: “არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გასახდელს გარეთ არ უნდა გავიდეს”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები იყო.
“მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრის გამო. ირლანდიაში მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ისე დასრულდა, რომ ჟურნალისტების მხრიდან კითხვები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, იყო გარკევეული საკითხები, რომლებზეც მე პასუხი უნდა გამეცა, სწორედ ამიტომ შევხვდი ჟურნალისტებს.
მიხარია, რომ დღეს ამდენი ჟურნალისტი მოვიდა და ფეხბურთით ბევრი ადამიანი ინტერესდება. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არადამაჯერებლად დავიწყეთ. შევეცადე, რომ ყველა ეს მიზეზი ღიად ამეხსნა.
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გასახდელს გარეთ არ უნდა გავიდეს და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის უნდა დარჩეს. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შვეიცარიასთან უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, ირლანდიასთან კი, მინიმუმ ქულის აღება, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. იმედი მაქვს, რომ ირლანდიასთან წარუმატებელ სერიას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზევე შევწყვეტთ.
ჩვენ უკვე ვემზადებით გიბრალტარისა და დანიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის. ამ ორ შეხვედრაში ჩვენი მიზანია, რომ უკეთესი თამაში და პროგრესი ვაჩვენოთ.”
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს, 10 ივნისს კი ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. ამ ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, 5 სექტემბერს თბილისში ამხანაგური თამაში შედგება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თბილისში შესაძლოა კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.