ვლადიმერ ვაისი: “ძალიან რთულია “ავტობუსის” წინააღმდეგ თამაში”
9 სექტემბერს საქართველო ნაკრებმა საკუთარ სტადიონზე ლატვიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან რთული თამაში იყო. რა თქმა უნდა, დღეს დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ. შანსები გვქონდა, თუმცა ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გავიტანეთ. ძალიან რთულია მეტოქის მიერ საკუთარ დაცვაში ჩაყენებული “ავტობუსის” წინააღმდეგ თამაშით. რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნდა. იმედი მაქვს, ანდორასთან მატჩში ყოველგვარი მსგავსი პრობლემა აღმოიფრხვება.
ლატვია ოფიციალურ მატჩში პირველად დავამარცხეთ, თუმცა ისტორია ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი შედეგია. როგორც ვგეგმავდით, ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა გვაქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთია რა წერია ფურცელზე და რა ხდება რეალობაში – წინ ძალიან რთული მატჩები გველის და ასეთივე მუხტით უნდა შევხვდეთ მათ.
მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, რომელმაც ყაზახეთთან გამარჯვება მოგვაპოვებინა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის თამაში. თუმცა მათ დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე მართებთ.
გიორგი არაბიძე? ოცი წლის ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი ნიჭი გააჩნია, აუცილებლად უნდა დავაფასოთ. ვფიქრობ, რომ გიორგი არაბიძე არ იყო ისეთ ფორმაში, რომ განაცხადში შემეყვანა. მისთვის ნაკრების კარი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღიაა. მაგრამ დღეს ის მზად არ იყო.
ჯანო ანანიძესთან ახლო კონტაქტში ვარ. მან ყაზახეთის ნაკრებთან გამარჯვება მოგვილოცა. ორშაბათიდან ის ვარჯიშს ანახლებს და ვნახავთ, შეძლებს თუ არა სამ კვირაში სრულფასოვნად გამოჯანმრთელებას.
არ ვთვლი, რომ შეცვლების გაკეთება დავაგვიანე. ფეხბურთში არის თამაშები, როდესაც ბრძოლას ფსიქოლოგიური მდგრადობა წყვეტს. ასეთ თამაშში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია შეხვედრაში ჩართვა და კიდევ ვიმეორებ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი არ იყო საუკეთესო ფორმაში სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ თვეში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ პენალტის მეშვეობით გავიმარჯვეთ, ვთვლი, რომ ეს დამსახურებული გამარჯვება იყო.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ნამდვილად დიდი შოკი იყო მისი ტრავმა მთელი გუნდისთვის. ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ასეთი რამ პირველად ვნახეთ. რამდენადაც ვიცი, ხვალ მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და გავიგებთ, თუ რამდენ ხანში დაგვიბრუნდება ის.
დღეს სტადიონზე 50 000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი,” – განაცხადა ვლადიმერ ვაისი.