ვლადიმერ ვაისი: “გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავს”
დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
“იმედია, წარმატებას მივაღწევთ ხვალინდელ შეხვედრაში, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. როცა წარსულში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩავუდექი სათავეში, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, რაც ახლა ამ ნაკრებშია.”
“მიუხედავად დასაწყისში არსებული პრობლემებისა, ჩვენ ვპროგრესირებთ და ვცდილობთ, ყველა ასპექტში განვვითარდეთ. როცა ქართველების მწვრთნელობა შემომთავაზეს, მე ამ გუნდის ბევრ მატჩს ვუყურე, ვნახე წარუმატებლობა, ძალიან ბევრი წაგებული შეხვედრა… მაგრამ დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებში დიდი ტალანტის მქონე ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ.”
“ჩემი სპორტსმენები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ ყველა ხარვეზზე ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ახლა არ ვიცი რა იქნება, თუმცა მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს,” – განაცხადა ვაისმა.