ვლადიმერ ვაისი: “ჯაბა კანკავას გარეშე საქართველოს ნაკრები ვერ წარმომიდგენია”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“მადლობას ვუხდი ყოველ გულშემატკივარს, რომელიც მოედანზე მოვიდა, ხელმძღვანელებს, რომლებმაც სლოვაკ სპეციალისტებს ნდობა გამოგვიცხადეს და შედეგად მივიღეთ ეს დიდი წარმატება.
ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და მოხარულები ვართ, რომ ეს ეტაპი წარმატებით დავძლიეთ, არასახარბიელოდ ჩატარებული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ მომდევნო ტურნირებზე. ფაქტობრივად ორი ნაბიჯი გვაშორებს ოცნების ახდენამდე – ნახევარფინალი და ფინალი.
გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია უდიდესი პოტენციალით. არ მინდა მასზე საუბრისას თანხა ვახსენო, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოდან ბელგიურ “გენტში” გადავიდა. ვფიქრობ, რომ ის სწორი მიმართულებით ვითარდება.
მთელი გათამაშების განმავლობაში ჩაკვეტაძე გუნდის ლიდერის ფუნქციას უდიდესი პროფესიონალიზმით ასრულებდა. ცხადია, თუ გიორგი ჩაკვეტაძეს თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, “გენტი” ვერ შეძლებს მის შენარჩუნებას და უფრო მაღალი დონის კლუბში გაყიდის.
ჯაბა კანკავას გარეშე ნაკრები წარმოუდგენელია. ეს ის ფეხბურთელია, რომელზეც მთელი ნაკრები დგას. ანდორასთან მატჩშიც გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს მისი მოედანზე ყოფნა გუნდისთვის.
რა თქმა უნდა, ავთო ებრალიძეს თამაშს თვალს ვადევნებ. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელთაც ვაკვირდები და შესაძლოა, თამაშის შანსიც მიეცეთ. ჩვენს სიაში დაახლოებით 40 ფეხბურთელი იმყოფება და მათ პროგრესს მუდმივად ვამჩნევთ. ასე რომ, კონკურენცია ძალიან მაღალ დონეზეა და გარანტირებული არავის არაფერი აქვს.
შესვენების დროს ფეხბურთელებს სხვანაირად დაველაპარაკე, მათთან უფრო მკაცრი ვიყავი და როგორც ნახეთ, ამით მათი მოტივაცია გაიზარდა და შედეგიც დადეს.
რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პლეი-ოფის მატჩებზე გუნდის მომზადებაზე მე ვიზრუნებ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რადგანაც ისიც შესაძლებელია, რომ სამი თვის შემდეგ დაკავებული პოსტიდან გამიშვან.
უმჯობესი იქნება, თუ ჩაკვეტაძეს საქმეში უხეშად ნუ ჩავერევით. მართალია, ანდორასა და ლატვიის დონეზე მან წარმატებულად ითამაშა, თუმცა მომავალში მას უფრო დიდი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ჩაკვეტაძე მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის ერთ-ერთია და ამას გაფრთხილება სჭირდება” – განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე.